Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

რატომ უნდა გაიაქტიურო საკრედიტო შენატანის დაზღვევა, თუ სესხი გაქვს

სესხი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც მიზნების მიღწევაში გვეხმარება, თუმცა მასთან დაკავშირებული ვალდებულებები გრძელვადიან დაგეგმვას მოითხოვს. ფინანსური სიმშვიდისთვის ერთ-ერთი საუკეთესო გზა კი ამ ვალდებულებების დაზღვევაა.

საკრედიტო შენატანის დაზღვევა არის გონივრული გადაწყვეტილება, რომელიც გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროსაც კი ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში გეხმარება. ეს არის ერთგვარი უსაფრთხოების ბალიში, რომელიც გაძლევს საშუალებას, დარწმუნებული იყო, რომ შენი საკრედიტო ვალდებულება დაფარული იქნება მაშინაც კი, თუ დროებით შემოსავლის გარეშე დარჩები.

მოკლედ, ამ ბლოგში ძალიან მარტივად აგიხსნით, თუ როგორ მუშაობს საკრედიტო შენატანის დაზღვევა, ვის შეუძლია მისი გამოყენება, რა პირობებით გაიაქტიურებ და რა უნდა გააკეთო, თუ გაუთვალისწინებელი შემთხვევა დაგიდგა.

რა არის საკრედიტო შენატანის დაზღვევა?

საკრედიტო შენატანის, ანუ სესხის დაზღვევა ფინანსურ დაცვას უზრუნველყოფს და გეხმარება სესხის გადახდაში მაშინ, როცა შენ თავად ამას ვერ ახერხებ. ის გიცავს ორი ძირითადი რისკისგან:

  • სამსახურის იძულებით დაკარგვა
  • უბედური შემთხვევის შედეგად შრომისუნარიანობის მუდმივი სრული დაკარგვა

ყველაზე გავრცელებული შემთხვევა სამსახურის იძულებითი დაკარგვაა − კონკრეტულად, როცა სამუშაოდან გათავისუფლება შენგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა.

მაგალითად:

  • კომპანია გაკოტრდა და თანამშრომლები გაათავისუფლა
  • შენი პოზიცია გაუქმდა გარკვეული ცვლილებების გამო
  • დამსაქმებელმა ჩათვალა, რომ პოზიციას აღარ შეესაბამები

ეს დაზღვევა, შემოსავლისა და ხელფასის გარეშე დარჩენის შემთხვევაში, ფარავს სესხის ყოველთვიურ შენატანს მაქსიმუმ 6 თვის ვადით. ანუ, თუ დარჩი შემოსავლის გარეშე, შენ მიერ წინასწარ არჩეული სადაზღვევო კომპანია დროებით შეითავსებს შენს ვალდებულებებს და გადახდაშიც დაგეხმარება.

განსაკუთრებით აქტუალურია იპოთეკური სესხის დაზღვევა, რადგან ასეთი სესხები, როგორც წესი, დიდ თანხებს მოიცავს და მათი გადაუხდელობა უფრო დიდ სტრესთან არის დაკავშირებული.

ვის შეუძლია ისარგებლოს დაზღვევით?

სესხის დაზღვევისთვის არსებობს გარკვეული პირობები, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს:

  • დასაქმება: უნდა იყო ოფიციალურად დასაქმებული. ეს კი ნიშნავს, რომ უნდა გქონდეს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება ან დანიშვნის ბრძანება და მუშაობდე სრულ განაკვეთზე.
  • მოქალაქეობა: უნდა იყო საქართველოს რეზიდენტი მოქალაქე და იღებდე რეგულარულ ხელფასს. თუ შენი შემოსავალი მხოლოდ იჯარიდან ან სხვა წყაროდან მოდის, ამ შემთხვევაში დაზღვევა არ გავრცელდება.
  • ასაკი: დაზღვევის შეძენის მომენტში შენი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 75 წელს.
  • გამოცდილება: აუცილებელია გქონდეს მინიმუმ 3-თვიანი სამუშაო გამოცდილება. დაზღვევა ძალაშია, თუმცა ზარალი არ ანაზღაურდება, თუ სამსახურიდან გათავისუფლება გამოსაცდელი ვადის ვერგავლის გამო მოხდა.

რა პირობები აქვს დაზღვევას?

როგორც გითხარით, დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის დაკარგვა შენგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდება.

ანაზღაურება კი შესაძლებელი იქნება მაქსიმუმ 6 თვე − ანუ ნახევარი წლის განმავლობაში შეგიძლია შედარებით მშვიდად იყო და ახალი სამსახურის პოვნაზე კონცენტრირდე.

მნიშვნელოვანია ე.წ. მოცდის პერიოდიც − ეს არის 30 კალენდარული დღე სადაზღვევო საკომისიოს პირველი გადახდის დღიდან, რომლის განმავლობაშიც მომხდარი შემთხვევა არ ანაზღაურდება.

ასევე უნდა გაითვალისწინო, რომ თუ სესხზე 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება გაქვს, დაზღვევა ავტომატურად გაითიშება. ხელახლა ჩართვის შემთხვევაში კი მოცდის პერიოდი თავიდან დაითვლება.

როდის არ ანაზღაურდება ზარალი?

ბუნებრივია, ყველა შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ესეც წინასწარ იცოდე.

მაგალითად, საკრედიტო შენატანის დაზღვევა არ იმუშავებს, თუ:

  • შენ თვითონ დატოვე სამსახური
  • ხელშეკრულება უბრალოდ ამოიწურა
  • მუშაობდი ნახევარ განაკვეთზე
  • წინასწარ იცოდი, რომ შენს გათავისუფლებას გეგმავდნენ
  • დასაქმებული იყავი საკუთარი კომპანიის ხელმძღვანელად
  • იღებ კომპენსაციას გათავისუფლების შემდეგ
  • სამსახურიდან გათავისუფლება დაკავშირებულია კანონდარღვევასთან
  • დამსაქმებელ კომპანიას 6 თვეზე ნაკლები სამეწარმეო საქმიანობის გამოცდილება აქვს

მოკლედ, დაზღვევა მოქმედებს მხოლოდ მაშინ, როცა სამუშაოს დაკარგვა სრულად გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ განაპირობა.

რა ღირს დაზღვევა?

დაზღვევა ფასიანია და მისი ღირებულება დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის − შენ მიერ აღებული სესხის ოდენობაზე, სესხის ტიპსა და არჩეულ სადაზღვევო კომპანიაზე.

როგორც წესი, დაზღვევა მხოლოდ მცირე საკომისიოს მოიცავს, რაც სესხის ყოველთვიურ გადასახდელში შედის. სანაცვლოდ კი იღებ საკმაოდ მნიშვნელოვან ფინანსურ საყრდენს.

მნიშვნელოვანია ასევე იცოდე, რომ სესხის შენატანის დაზღვევა, როგორც პროდუქტი, ეკუთვნის სადაზღვევო კომპანიას და არა ბანკს. არჩევანის გაკეთება 5 კომპანიიდან შეგიძლია:

  • ალდაგი
  • ჯიპიაი
  • იმედი L
  • ირაო
  • ბენეფიტსი

ასევე, შეგიძლია თავად წარადგინო სხვა, არაპარტნიორი სადაზღვევო კომპანიის პოლისი, თუ ის აკმაყოფილებს ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

დეტალურ პირობებს უკვე მობილბანკში გაეცნობი.

როგორ გაიაქტიურო დაზღვევა?

დაზღვევის გააქტიურება შესაძლებელია ახალი სესხის აღებისას ან უკვე არსებული სესხისთვის.

პროცესი საკმაოდ მარტივია − სესხის აღების განაცხადის დროს მობილბანკში მონიშნავ საკრედიტო შენატანის დაზღვევას, აირჩევ კომპანიას და იქვე გაეცნობი პირობებს. უკვე არსებული სესხის შემთხვევაში კი შეგიძლია ეწვიო საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალს და ადგილზე დაგეხმარებიან.

რა უნდა გააკეთო სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას?

თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგა, მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდე ბანკს.

საჭირო იქნება დოკუმენტების შეგროვება და წარდგენა, როგორიცაა:

  • პირადობის მოწმობა
  • სესხის ხელშეკრულების ასლი
  • სასამართლოს განაჩენი (არსებობის შემთხვევაში)
  • ბოლო 3 თვის საბანკო ამონაწერი
  • შრომითი ხელშეკრულება
  • ცნობა ბანკიდან სასესხო ვალდებულებების შესრულების შესახებ (დაფარვის გრაფიკი)
  • სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (მაგ. გათავისუფლების ბრძანება)
  • კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე ბანკის მიერ მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია

რომ შევაჯამოთ

საკრედიტო შენატანის დაზღვევა უსაფრთხოების ერთგვარი მექანიზმია, რომელიც შეიძლება კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ამიტომ თუ გაქვს სესხი, განსაკუთრებით დიდი მოცულობის, ნამდვილად ღირს დაფიქრება, გინდა თუ არა მსგავსი ტიპის ფინანსური დაცვა. რადგან როცა შემოსავალი ქრება, მთავარი მიზანი დროის მოგება და სტრესის შემცირებაა.

სწორად შერჩეული დაზღვევა კი დაგეხმარება, რთული პერიოდი უფრო მშვიდად გადალახო.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს