3 წუთი წასაკითხად
MVP: რა უნდა იცოდეთ მინიმალურ სიცოცხლისუნარიან პროდუქტზე?
17 იან. 2022
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ახალი პროდუქტის შექმნა და ბაზარზე დამკვიდრება ყოველთვის დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. სტარტაპებისა თუ მსხვილი კომპანიების მთავარი გამოწვევა ხშირად იმის გაგებაა, თუ რა სურთ რეალურად მომხმარებლებს. სწორედ ამ გაურკვევლობის შესამცირებლად და რესურსების დასაზოგად გამოიყენება მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის, ანუ MVP-ის კონცეფცია.
წარმოიდგინეთ, რომ დიდი საქორწილო ტორტის გამოცხობა გსურთ, თუმცა მისი სტრუქტურის, გემოსა თუ დიზაინის შესახებ მხოლოდ ზოგადი და არასაკმარისი ინფორმაცია გაქვთ. ნაცვლად იმისა, რომ უცნობი რეცეპტით ძვირადღირებული ინგრედიენტები დახარჯოთ, გონივრული იქნება, ჯერ ერთი პატარა კექსი გამოაცხოთ. ის მარტივი მოსამზადებელია, მაგრამ შეიცავს ყველა იმ ძირითად კომპონენტს, რაც დიდ ტორტს სჭირდება.
მომხმარებლისთვის ჯერ ამ კექსის შეთავაზებით ზუსტად გაიგებთ მათ მოთხოვნებს, რის შემდეგაც დიდი ტორტის გამოცხობას უკვე გარანტირებული წარმატებით შეძლებთ. ბიზნესში სწორედ ეს პატარა კექსი არის თქვენი პროდუქტის MVP.
ტერმინის ისტორია და არსი
ტერმინი MVP (Minimum Viable Product) პროდუქტის განვითარების სფეროში 2001 წელს ფრენკ რობინსონმა Agile Product Development-ის საქმიანობისას შემოიტანა. მოგვიანებით ამ ცნების პოპულარიზაციას ხელი ისეთმა ცნობილმა ავტორებმა შეუწყვეს, როგორებიც არიან სტივ ბლენკი, მარტი კეგენი და ერიკ რისი. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინი დღეს ძალიან პოპულარულია, მას ხშირად არასწორად განმარტავენ.
სწორად გააზრებული MVP სამი ძირითადი სვეტისგან შედგება:
- მინიმალისტურობა: უმოკლესი გზა იდეის გამოსაცდელად.
- სიცოცხლისუნარიანობა: მომხმარებლისთვის რეალური პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა.
- პროდუქტი: სრულფასოვანი გადაწყვეტილება, რომელშიც ადამიანები მზად არიან გადაიხადონ საფასური.
რეალურად, MVP არის უმოკლესი გზა ბაზარზე ღირებული პროდუქტის შესაქმნელად, თქვენი ვარაუდების დასამტკიცებლად ან უარსაყოფად და შესაძლო რისკების შესამცირებლად.
MVP ნიშნავს მინიმალურს
სიტყვა „მინიმალური“ MVP-ის კონტექსტში კონკრეტული ჰიპოთეზის შესამოწმებლად მხოლოდ აუცილებელი სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. პროდუქტის განვითარების პროცესში ხშირად ჩნდება ცდუნება, რომ მას უამრავი ფუნქცია დაემატოს, რაც პროცესს აფერხებს და აძვირებს. სწორედ ამიტომ, პროდუქტის მენეჯერმა მკაცრად უნდა განსაზღვროს საზღვრები, თქვას უარი ყველაფერ მეორეხარისხოვანზე და გუნდის ფოკუსი მხოლოდ მთავარ ღირებულებაზე მიმართოს.
ამ მიდგომის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია Dropbox-ის განვითარების ისტორია, რომელიც Quora-ზე კომპანიის პროდუქტის მენეჯერთან გავრცელებულ დიალოგშია აღწერილი. საქაღალდეში საბუთების მოთავსება და მათი სინქრონიზაცია „ღრუბელთან“ – სულ ეს არის Dropbox-ი. რომელიმე სტეიკჰოლდერი, სავარაუდოდ, ჰკითხავდა Dropbox-ის პროდუქტის მენეჯერს მომხმარებლის უფლებების თაობაზე, თუმცა მენეჯერი უპასუხებდა, რომ Dropbox-ს ეს არ ეხება. სწორედ ეს სჭირდება MVP-ის – პრინციპულობა,
გამოიყენო ზუსტად იმდენი feature, რამდენიც საჭიროა და არ შეეხო არაფერ ზედმეტს. სწორედ ასეთი მიდგომის გამო გახდა Dropbox-ი წარმატებული იმ ბაზარზე, რომლის ათვისება ძალიან რთული იყო.
MVP სიცოცხლისუნარიანია
მას შემდეგ, რაც პროდუქტიდან ყველა ზედმეტი დეტალი გამოირიცხება, აუცილებელია მისი სიცოცხლისუნარიანობის შემოწმება. MVP-მ მომხმარებელს რეალური პრობლემის გადაჭრაში უნდა დაეხმაროს და კონკრეტული სარგებელი მოუტანოს.
თუ პროდუქტი გამართულად ვერ მუშაობს, მისი ინტერფეისი გაუგებარია ან ერთდროულად რამდენიმე ადამიანის მომსახურებასაც კი ვერ უმკლავდება, მას სიცოცხლის უნარი არ გააჩნია.
უსაფრთხოება, მომხმარებლის გამოცდილება (UX) და მასშტაბირებადობა (scalability) MVP-ის უმნიშვნელოვანესი ნაწილებია. ეს ის კომპონენტებია, რომელთა დათმობაც პროდუქტის გამარტივების მიზნით დაუშვებელია.
MVP – პროდუქტია
MVP არ არის უბრალო ესკიზი ან ნახაზი, ის სრულფასოვანი პროდუქტია, რომელიც ბაზარზე არსებულ საჭიროებებს პასუხობს და შემოსავლის გენერირების პოტენციალი აქვს. თუ თქვენ მიერ შექმნილი ვერსიით მხოლოდ მცირე ჯგუფი ინტერესდება ან მასში გადახდის სურვილი არავის უჩნდება, ეს არა ბიზნესის შენება, არამედ ქველმოქმედებაა.
ამასთან, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მომხმარებელი ყოველთვის არ არის უშუალო მყიდველი. მაგალითად, Facebook-ი მომხმარებლებისთვის უფასოა, თუმცა კომპანია მილიარდობით დოლარის შემოსავალს რეკლამის გაყიდვით იღებს. ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია გქონდეთ მკაფიო კონცეფცია, თუ ვინ არის თქვენი საბოლოო მომხმარებელი და როგორ აპირებთ ღირებულების მონეტიზაციას.
წყარო: https://theindex.generalassemb.ly/a-beginners-guide-to-minimum-viable-products-mvps-9ca67fd5c930