Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

რა არის ბიტკოინი (BTC) და რატომ უწოდებენ მას ციფრულ ოქროს?

გაითვალისწინე, რომ ეს ბლოგი საინფორმაციო მიზნებისთვისაა შექმნილი და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

წარმოიდგინე ციფრული ერა, სადაც ტრადიციულ ფულთან ერთად არსებობს სრულიად ახალი ტიპის აქტივი, რომელიც მხოლოდ შენ გეკუთვნის ციფრულად და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მუშაობს შუამავლების გარეშე.

სწორედ ამ ინოვაციურ ხედვაზე დააფუძნა ადამიანმა (ან ადამიანთა ჯგუფმა), ფსევდონიმით სატოში ნაკამოტო, ბიტკოინის (Bitcoin) იდეა.

სხვათა შორის, 2010 წლის 22 მაისს, პროგრამისტმა ლასლო ჰანიეჩმა ორი პიცა 10,000 ბიტკოინად შეიძინა. იმ დროისთვის ეს თანხა დაახლოებით 41 დოლარს უდრიდა, დღევანდელი კურსით კი ეს ორი პიცა ასეულობით მილიონი დოლარი ეღირებოდა. ეს იყო ისტორიაში პირველი ცნობილი შემთხვევა, როდესაც ბიტკოინი რეალურ, ფიზიკურ საქონელში გადაიცვალა.

დღეს ბიტკოინი ბევრი ადამიანისთვის და კომპანიისთვის ფინანსური პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა, თუმცა უმრავლესობისთვის ის მაინც რთულ და ბუნდოვან ტექნოლოგიად რჩება. ამ ბლოგში მარტივად აგიხსნით, როგორ მუშაობს ეს სისტემა და რატომ აღიარებენ მას მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტები.

კრიპტო მობილბანკშია

საქართველოს ბანკმა ინვესტირების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივა. მობილბანკს კრიპტოთი ვაჭრობის ფუნქცია დაემატა, რაც საშუალებას გაძლევს, მსოფლიოს 50 წამყვანი კრიპტოაქტივი პირდაპირ შენი ანგარიშიდან, ზედმეტი სირთულეების გარეშე იყიდო ან გაყიდო. პროცესი მაქსიმალურად ინტუიციურია. ინვესტირების დასაწყებად პირველ ჯერზე მხოლოდ პირობებზე დათანხმებაა საჭირო. ამის შემდეგ, კრიპტოსამყაროს კარი შენთვის ღიაა. გაიგე როგორ იყიდო კრიპტო მობილბანკიდან

როგორ მუშაობს ბიტკოინის ქსელი შუამავლების გარეშე?

ბიტკოინი 2008 წელს გამოჩნდა, როდესაც მისი ტექნიკური გეგმა გამოქვეყნდა დოკუმენტში, რომელსაც თეთრი ფურცელი(Whitepaper) ეწოდება. ეს არის დოკუმენტი, რომელიც დეტალურად აღწერს პროექტის მიზნებსა და ტექნოლოგიას.

ბიტკოინის მთავარი ღირსება მისი დეცენტრალიზებული ბუნებაა. ნაკამოტოს მთავარი მიზანი იყო შეექმნა ციფრული ფული, რომელიც არცერთ მმართველ ორგანოზე არ იქნებოდა დამოკიდებული. შექმნა კიდეც სისტემა, რომელიც მომხმარებელს გამჭვირვალე და დაცულ ფინანსურ სერვისებს სთავაზობს.

სისტემა მუშაობს რთული მათემატიკური შიფრების (კრიპტოგრაფიის) მეშვეობით და ეფუძნება P2P (Peer-to-Peer) პრინციპს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლები ერთმანეთთან პირდაპირ, შუამავლის გარეშე კავშირდებიან. 

ტრანზაქციების მართვა და ახალი ბიტკოინების გამოშვება კოლექტიურად, ქსელის მონაწილეების მიერ ხორციელდება. ბიტკოინს ღია კოდი აქვს (ანუ, მისი პროგრამული „რეცეპტი“ საჯაროა), რაც ნიშნავს, რომ მას არავინ ფლობს და არავინ აკონტროლებს; ქსელში ჩართვა კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ბიტკოინის გადარიცხვები მოწმდება და უსაფრთხოდ ინახება საჯარო ციფრულ ბაზაში, რომელსაც ბლოკჩეინი ეწოდება. წარმოიდგინე საჯარო, ციფრული ბლოკნოტი (ბლოკჩეინი), რომელიც შედგება ერთმანეთზე გადაბმული „ფურცლებისგან“ (ბლოკებისგან). თითოეულ ფურცელზე ყველა ტრანზაქცია იწერება. ამ ბლოკნოტის ასლი მსოფლიოს ათასობით კომპიუტერში ინახება. თუ ვინმე ერთ-ერთ ასლში რამეს შეცვლას ეცდება, სისტემა ამას დანარჩენ ასლებს შეადარებს და ყალბი ჩანაწერი უბრალოდ არ მიიღება. სწორედ ეს ხდის მას ასე დაცულს.

რატომ არის ბიტკოინი ციფრული ოქრო?

ბიტკოინის ციფრულ ოქროდ მოხსენიების მთავარი მიზეზი მისი სიმცირეა. ტრადიციული ვალუტებისგან განსხვავებით, რომელთა რაოდენობაც ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიზარდოს, ბიტკოინის მაქსიმალური მარაგი 21 მილიონი ერთეულით არის შემოფარგლული.

ახალი ბიტკოინების შექმნის ტემპი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ავტომატურად ნახევრდება. ამ პროცესს ჰალვინგი ეწოდება. 

2024 წლის აპრილში მომხდარი მორიგი ჰალვინგის შედეგად, ბიტკოინის მოპოვებისთვის ჯილდო კიდევ ერთხელ განახევრდა, რამაც ის ფიზიკურ ოქროზე უფრო იშვიათ აქტივად აქცია. 

ხელოვნურად შექმნილი სიმცირე ბიტკოინს ინფლაციისგან (ფულის გაუფასურება) თავდაცვის საინტერესო ინსტრუმენტად აქცევს. ოქროც საუკუნეების განმავლობაში ეკონომიკაში სწორედ ამ როლს ასრულებდა.

რატომ არის ის დღემდე #1 კრიპტო?

ბიტკოინი კრიპტოსამყაროს უპირობო ლიდერია, რადგან მას წარმატების ყველაზე ხანგრძლივი ისტორია და მომხმარებელთა ყველაზე დიდი ნდობა აქვს. 2024 წლის მონაცემებით, მსოფლიოში კრიპტოს მფლობელთა რიცხვმა 560 მილიონს გადააჭარბა და მათი უმრავლესობა პირველ არჩევანად სწორედ ბიტკოინს განიხილავს.

მისი პოზიციები კიდევ უფრო გამყარდა, როდესაც Wall Street-ის ფინანსურმა გიგანტებმა, მაგალითად მსოფლიოს უდიდესმა საინვესტიციო კომპანია BlackRock-მა, ბიტკოინი ოფიციალურ საინვესტიციო აქტივად აღიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტრადიციული ინვესტორებისთვის ბიტკოინში ინვესტირება ისევე მარტივი და მოსალოდნელი გახდა, როგორც, მაგალითად, აქციების ყიდვა. 

ეს აღიარება ცხადყოფს, რომ ბიტკოინი უკვე აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ენთუზიასტების ვიწრო წრის ინტერესის სფერო, არამედ ის სერიოზული ფინანსური ინსტიტუტების ნაწილი გახდა.

უსაფრთხოება, გლობალური აღიარება და ინსტიტუციური ნდობა არის ის მთავარი ფაქტორები, რის გამოც ბიტკოინი პირველობას არავის უთმობს.

დღეს ბიტკოინი ბევრისთვის ფინანსური თავისუფლებისა და ტექნოლოგიური პროგრესის სიმბოლოა. ნაბიჯ-ნაბიჯ ის უფრო და უფრო ინტენსიურად ინერგება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

რაც მეტი ადამიანი ეცნობა ამ ტექნოლოგიას, მით უფრო რეალური ხდება ბიტკოინის გამოყენება ყოველდღიურობაში.

კრიპტოსამყაროში ბიტკოინის გარდა სხვა მრავალი აქტივი არსებობს. თუ სხვა კრიპტოებიც, ანუ ალტკოინებიც გაინტერესებს, მაშინ ადევნე თვალი საქართველოს ბანკის ბლოგებს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს