Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

საქართველოს ბანკი და ფულბრაიტი: კიდევ 3 სტუდენტი ისწავლის აშშ-ში

ქართველ სტუდენტებს, რომლებსაც საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელება აშშ-ში სურთ, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა სწორედ ამ მიზნის განხორციელებაში ეხმარება. ფულბრაიტის კონკურსის გამარჯვებულები აშშ-ში სწავლას სრული დაფინანსებით აგრძელებენ, ასე რომ, ერთი შეხედვით მიუღწეველი ოცნება ნებისმიერი მოტივირებული, ნიჭიერი და აქტიური ახალგაზრდისთვის რეალობად შეიძლება იქცეს.

➔ ნახე გზამკვლევი, როგორ შეგიძლია აშშ-ში სრული დაფინანსებით ისწავლო 

ფულბრაიტი აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მთელს მსოფლიოში, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობა ბაკალავრის ხარისხის მინიჭების შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ახორციელებს. გარდა აშშ-ის საელჩოს მიერ შერჩეული სტიპენდიატებისა, საქართველოს ბანკი, რომელიც 2014 წლიდან ფულბრაიტის კონკურსის პარტნიორია, საკუთარ გამარჯვებულებსაც ასახელებს და აშშ-ში სწავლას უფინანსებს.

2024-25 წლის ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულებულია. ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვების მსურველებს აპლიკაციის გაგზავნა მაისიდან პირველი აგვისტოს ჩათვლით შეეძლოთ. ქართველ სტუდენტებს შორის ფულბრაიტის სასტიპენდიო კონკურსი უფრო და უფრო პოპულარული ხდება გამომდინარე იქიდან, რომ წელს პროგრამით 731 აპლიკანტი დაინტერესდა. ჟიურიმ 192 კონკურსანტი შეარჩია, რომლებიც სტიპენდიის მოპოვებას შემდეგ ეტაპებზე შეეცადნენ. აღნიშნულ აპლიკანტებს შორის შეირჩა კანდიდატები, რომლებმაც უკვე გაიარეს გასაუბრება. საბოლოო გამარჯვებული მომავალი წლის გაზაფხულის ბოლოს გამოვლინდება და მათ შორის ერთ-ერთის სწავლა სრულად დაფინანსდება საქართველოს ბანკის მიერ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ გარდა თბილისისა, ფულბრაიტის სასტიპენდიო კონკურში სტუდენტები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან იღებდნენ მონაწილეობას.


ცოტა ხნის წინ 2023-2024 სასწავლო წლისთვის ფულბრაიტის კონკურსის საქართველოს ბანკის სტიპენდიატები დასახელდნენ, რომლებმაც აშშ-ის სამაგისტრო პროგრამებზე სრული დაფინანსება მიიღეს. ფულბრაიტის პროგრამაზე საქართველოს ბანკის წლევანდელი გამარჯვებულები არიან: მარიამ მალიძე, რომელიც სწავლას Vanderbilt University-ში გააგრძელებს; მარიამ ჟორჟოლიანი, რომელიც Clark University-ში მიიღებს განათლებას და ირაკლი მაჭავარიანი, რომელიც University of Missouri-ში გაემგზავრება. საერთო ჯამში, საქართველოს ბანკის დაფინანსებით 9 სტუდენტი აშშ-ში სასწავლებლად უკვე გაემგზავრა, წელს კი მათ რაოდენობას კიდევ სამი სტიპენდიატი შეემატა.

ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად საქართველოს ბანკი ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში 2014 წლიდან ჩაერთო. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მხრიდან სრულად ფინანსდება 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ყველა ძირითადი ტიპის ხარჯს მოიცავს. საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ფულბრაიტში მონაწილე ყველა იმ წარმატებულ სტუდენტს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია აშშ-ში სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით განაგრძოს.

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ნიჭიერ ახალგაზრდებს, მათ, ვისაც სურვილი აქვთ გაემგზავრონ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე, დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს. ჩვენ არ ვჩერდებით და ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ვაგრძელებთ ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო რესურსებზე წვდომის მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.
— საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე

თუ სამომავლოდ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობას გადაწყვეტ, სასარგებლო რჩევებს ამ ბმულზე ნახავ. აშშ-ში სრული დაფინანსებით სწავლის გაგრძელება შეუძლებელი სულაც არ არის და თან ისიც გახსოვდეს, რომ დღეს აღიარებული მწერლები, ნობელის პრემიის ლაურეატები, ეკონომისტები, ფიზიკოსები და სხვა პროფესიის წარმომადგენელი ცნობილი ადამიანები ერთ დროს ფულბრაიტის სტიპენდიატები იყვნენ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს