Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

ფულბრაიტის სტიპენდია: აპლიკაციის რჩევები სტიპენდიატისგან მარიამ ჟორჟოლიანი

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა მოტივირებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, რომ საბაკალავრო საფეხურის დასრულების შემდეგ, სწავლა აშშ-ში სრული დაფინანსებით გააგრძელონ. საქართველოს ბანკი კი, რომელიც ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს, კონკურსის მონაწილეებიდან სტიპენდიატებს თავადაც ყოველწლიურად ასახელებს.

ფულბრაიტის სტიპენდიის მოსაპოვებლად პირველ ეტაპი აპლიკაციის შევსება, რაშიც ფულბრაიტის სტიპენდიატი მარიამ ჟორჟოლიანის რჩევები დაგეხმარება.

2026-2027 წლის ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციის შევსება საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია. გაეცანი ფულბრაიტის პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელ მოთხოვნებს და შემდეგ დარეგისტრირდი.

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების მიღება 1 ივლისამდე გაგრძელდება.

რეგისტრაციის წარმატებით გავლის შემდეგ აპლიკაციაც გაიხსნება. აპლიკაციის პირველი ნაწილი ტექნიკური ხასიათისაა, რომელშიც შენ შესახებ ავსებ ინფორმაციას და სტანდარტულ დოკუმენტებს (დიპლომი, ნიშნების ფურცელი და ა.შ.) ტვირთავ. სწორედ ამის შემდეგ გადადიხარ აპლიკაციის მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელშიც Personal Statement და Study plan უნდა დაწერო და აშშ-ის სასურველი უნივერსიტეტები მიუთითო. აპლიკაციის ბოლო ნაწილში კი რეკომენდაციების წერილები უნდა აიტვირთოს.

რა უნდა გაითვალისწინო აპლიკაციის შევსებისას

როგორც ფულბრაიტის სტიპენდიატი, მარიამ ჟორჟოლიანი გვეუბნება, აპლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი და შრომატევადი ნაწილი Personal Statement-ის და Study Plan-ის დაწერაა, რადგან სწორედ ამ ორ ესეში გადმოსცემ იმას, რაც სხვა აპლიკანტებისგან გამოგარჩევს.

Personal Statement

Personal Statement უფრო დიდი გამოწვევაა, რადგან უფრო ემოციურია და შენს პირად ისტორიას წერ. მგონია, რომ გულწრფელობა ამოსავალია და მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი – საკუთარი თავის მოსმენა. წერის პროცესი გაიძულებს, რომ მთელს შენს განვლილ ცხოვრებას გადახედო და ჩაუღრმავდე. ამ დროს ხვდები, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ცხოვრებაში ცნობიერად თუ არაცნობიერად მიიღე, სინამდვილეში, ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირშია. როგორც კი ამ კავშირს პოულობ, მერე უკვე იმის გააზრებაც ადვილია, რა გინდა სინამდვილეში, იმის მიგნებაც, თუ რა უნდა ისწავლო ამისთვის და იმის დასაბუთებაც, როგორ მოახმარ მიღებულ ცოდნას შენს ქვეყანას.
– მარიამ ჟორჟოლიანი

Study Plan

Study Plan უფრო ფორმალური ხასიათის ესეა, რომელშიც ძირითადად შენს აკადემიურ და პროფესიულ მიღწევებსა და გამოცდილებაზე წერ. ხაზს უსვამ იმ გაკვეთილებს, რომლებიც ამ კუთხით მიიღე და საუბრობ იმ აკადემიურ gap-ებზეც, რომლის შევსებაც სწავლის გაგრძელებით გინდა. ასევე, უფრო დეტალურად აღწერ იმ პროგრამას, რომელიც ფულბრაიტის დახმარებით გინდა, რომ გაიარო და ხსნი, როგორ დაგეხმარება იქ მიღებული ცოდნა და უნარები შენი კარიერული გეგმების განხორციელებაში.

რეკომენდაციები

რეკომენდაციების ნაწილიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ჯამში, ფულბრაიტი 3 რეკომენდატორს გვთხოვს. გირჩევდით, ერთი რეკომენდატორი მაინც აკადემიიდან გყავდეთ, თქვენი ლექტორი ან ადმინისტრაციის ისეთი წევრი, რომელიც შეძლებს თქვენი, როგორც სტუდენტის, უნარებსა და შესაძლებლობებზე საუბარს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო გამოცდილებაც გაქვთ, ძალიან კარგი იქნება, რეკომენდატორად შეარჩიოთ ისეთი ადამიანიც, რომელიც თქვენი, როგორც თანამშრომლის, ძლიერ მხარეებზეც ისაუბრებს.

რას უნდა მიაქციო ყურადღება უნივერსიტეტის შერჩევისას

უნივერსიტეტის შერჩევის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ პროგრამის სწორად შერჩევაა. პროგრამა თავისი კურიკულუმით, კურსებით, ლექტორებით და სასწავლო მასალებით რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს შენს სამომავლო მიზნებთან და გეგმებთან. ამ დეტალების მოძიება ნებისმიერი უნივერსიტეტის ვებგვერდზეა შესაძლებელი. გულწრფელად რომ გითხრათ, ფულბრაიტის პროგრამა აშშ-ში ძალიან მაღალი სტატუსით და პრესტიჟით სარგებლობს. 70 წელზე მეტია, ფულბრაიტი არსებობს და ტოპ 100-ის ალბათ ყველა უნივერსიტეტთან უკვე აქვთ პარტნიორობა. შესაბამისად, უნივერსიტეტებიც ძალიან ღიად და სიხარულით ხვდებიან ფულბრაიტის სტუდენტებს, რაც placement-ის პროცესს აადვილებს.
– მარიამი

შესაძლებლობები, რომელსაც ფულბრაიტი ქმნის

პირველი, მთავარი შესაძლებლობა ის არის, რომ ფულბრაიტის დამსახურებით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შემიძლია სრულიად უსასყიდლოდ ვისწავლო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომლის განათლების ხარისხის დონეზე ბევრს აღარ ვისაუბრებ. შემდეგ, ალბათ ის, რომ ფულბრაიტის ნეთვორქის წევრი გავხდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ჭკვიან, თავის საქმეზე შეყვარებულ და სარგებლის შექმნაზე ორიენტირებულ ადამიანს აერთიანებს. რაც უფრო მეტ ფულბრაიტელს ვიცნობ სხვადასხვა ქვეყნიდან, მით უფრო ვრწმუნდები, რომ მიუხედავად ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული სხვაობისა, ძირითადი ფასეულობების სისტემა ყველას მსგავსი გვაქვს, რაც ჩვენ შორის მეგობრობას ძალიან აადვილებს.
ასევე, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ არასდროს დამავიწყდება ჩემი ამერიკელი ჯგუფელის სახე, როცა პირველად გაიგო, რომ ფულბრაიტელი ვარ. ყველას, არ აქვს მნიშვნელობა სტუდენტია, ლექტორი, ადმინისტრაციის თანამშრომელი თუ უბრალოდ გამვლელი, სრულიად ეცვლება გამომეტყველება და დამოკიდებულება როცა იგებენ რომ I am a Fulbright student. ამ სიტყვებს თითქოს რაღაც ჯადოსნური ძალა აქვს, როგორც კი ამბობ, ადამიანებთან ურთიერთობაში რამდენიმე კარს მაშინვე გიხსნის. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაც ეგ არის.

აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს