Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

ფულბრაიტი: იაკობ დადვანის გზა წარმატებისკენ და რჩევები

მიზანდასახული სტუდენტების აღმოჩენა და მათთვის განათლების ახალი შესაძლებლობების შექმნა საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამასთან 2014 წლიდან თანამშრომლობს და ქართველ სტუდენტებს აშშ-ში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს. ფულბრაიტი ერთ-ერთი პრესტიჟული სამაგისტრო გაცვლითი პროგრამაა მსოფლიოში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კი, ათობით სტუდენტმა აშშ-ის სასურველ უნივერსიტეტში სწავლა უკვე განაგრძო.

➔ ნახე გზამკვლევი, როგორ შეგიძლია აშშ-ში სრული დაფინანსებით ისწავლო 

ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიატები დაასახელა. მათ შორისაა იაკობ დადვანი, რომელიც აშშ-ში გამგზავრებამდე კონკურსის შესახებ თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

ფულბრაიტი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად კონკურენტული და პრესტიჟული პროგრამაა, აქედან გამომდინარე, გამარჯვებას არ ველოდი. შერჩევის პროცესიც საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვებამდე რამდენიმეთვიანმა შრომამ მიმიყვანა. მახსოვს, კვირების განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ უნდა გამეერთიანებინა ჩემი ისტორია personal statement-ში, რომელიც ერთ დოკუმენტად იტყოდა ვინ ვარ და რატომ უნდა შემარჩიონ მე. ვფიქრობ, ნებისმიერ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია კანდიდატმა ზუსტად იცოდეს, რატომ სურს ფულბრაიტის კონკურსში მონაწილეობა და კონკრეტულად როგორ დაეხმარება აღნიშნული პროგრამა პიროვნულ, კარიერულ თუ აკადემიურ ზრდაში.
– ამბობს იაკობ დადვანი

იაკობი სწავლას Texas A&M-ის ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე, ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალობით აგრძელებს. ეს პროგრამა კი იმიტომ შეარჩია, რომ თავის აკადემიურ და კარიერულ გამოცდილებასთან პირდაპირ კავშირშია.

ფულბრაიტის პროგრამა დამეხმარება, თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებების განვითარებაში თანამედროვე და მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვით ჩემი წვლილი შევიტანო. ვფიქრობ, ცოდნის გადაცემა და გაზიარება, ისევე როგორც მუდმივი განახლება, ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოტივაციაზე გარემო ფაქტორები ხშირად მოქმედებს, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია თვითდისციპლინა და მიზნისკენ თანმიმდევრული სვლა. დისციპლინა წარმატების მთავარი გასაღებია. ადამიანები შესაძლებლობებზე უარს ხშირად ამბობენ, როდესაც ისინი საკუთარ თავსა და ბედს არც კი სცდიან. მე კი სხვა ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად სცადონ და საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯონ.
– იაკობ დადვანი

თავად იაკობს ახალი შესაძლებლობებისა და თავგადასავლის შანსი ხელიდან არ გაუშვია, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი პირველივე ცდაზე გახდა. მალე იაკობი აშშ-ში გაემგზავრება და როგორც თავად ამბობს, საქართველოს ბანკის სტიპენდია ის შესაძლებლობაა, რომელიც საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნაში დაეხმარება.

საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა ძირეულად შეცვლის იმ გარემო პირობებს, რომლებშიც განვითარების შესაძლებლობა მეძლევა. სტიპენდია მომცემს შანსს გავიფართოო თვალსაწიერი, გავიღრმაო ცოდნა და შევისწავლო თანამედროვე ტენდენციები იმ კომპლექსური სპექტრიდან, რომელსაც წამყვანი უნივერსიტეტები გვთავაზობს. საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა ფულბრაიტის პროგრამაში არის შანსი, რომელიც ხსნის შესაძლებლობების ფანჯარას და გვეხმარება, საკუთარი თავის გაცილებით უკეთესი ვერსია გავხდეთ.
– აღნიშნა გამარჯვებულმა სტიპენდიატმა

თუ აშშ-ში სწავლის გაგრძელება შენი მიზანი და ოცნებაა, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობას მომავალ წელსაც შეძლებ. ვინც უკვე სცადა ბედი, თუმცა გამარჯვება ვერ შეძლო, საქართველოს ბანკის სტიპენდია შემდეგ წელს დამატებით შანსს აძლევს. კონკურში მონაწილეობისას კი შემდეგი რჩევები შეგიძლია გაითვალისწინო:

ყველაფერი იწყება მცდელობით, რომელიც ქმნის სამომავლო შესაძლებლობებს. რაც შეეხება უშუალოდ სააპლიკაციო პროცესს, აუცილებელია, კონკურსის მონაწილეებმა აღნიშნულს დაუთმონ დრო და დარწმუნდნენ, რომ მათი personal statement და study objective არის როგორც უნიკალური, ასევე ავთენტური. კონკურსანტებმა უნდა წარმოიდგინონ და შექმნან მათი ცხოვრების სრული წრე, რომლითაც personal statement-ში თავიანთ ისტორიას მოჰყვებიან და გამოკვეთენ პიროვნების უნიკალურ თვისებებს, სამომავლო ტრაექტორიასა და განათლების მიღების მიზანს. შემდგომში კი, სტიპენდიის გამოყენების შესახებ  study objective-ში უნდა ისაუბრონ. აპლიკაცია უნდა იყოს სრულ ჰარმონიაში და მიჰყვებოდეს წრეს, რომელზეც აღნიშნული აპლიკანტის ცხოვრება ტრიალებს. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, მნიშვნელოვანია აპლიკანტებმა დრო დაუთმონ GRE-სა და Toefl-თვის მომზადებას, რაც ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. საბოლოო ჯამში კი, გავიმეორებდი, რომ ყველაფერი შესაძლებელია მცდელობისა და თვითდისციპლინის მეშვეობით.
– ამბობს იაკობ დადვანი

აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს