2 წუთი წასაკითხად
წარმატების ჟინი: გაიცანი Chevening-ის სტიპენდიატი, ნიკოლოზ რეხვიაშვილი
24 სექ. 2025
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
განათლების გზაზე ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ამიტომ, კომპანია უკვე 10 წელზე მეტია, Chevening-ის პროგრამასთან თანამშრომლობს. Chevening-ი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სტიპენდიაა, რომელიც მომავალ ლიდერებს სასურველ სამაგისტრო კურსზე სრული დაფინანსებით სწავლის საშუალებას აძლევს.
წელს Chevening-ის გამარჯვებული და საქართველოს ბანკის რჩეული ნიკოლოზ რეხვიაშვილი გახდა. ნიკოლოზმა ლონდონის ბიზნეს სკოლაში ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა უკვე დაიწყო.
ჩივნინგამდე ნიკოლოზმა საინტერესო გზა გაიარა: ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი დაამთავრა, შემდეგ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა და ACCA Global-ის წევრიც გახდა. ამის შემდეგ კი საქართველოს ეროვნულ ბანკში 6 წელი გაატარა, სადაც საინტერესო სამუშაო გამოცდილება დააგროვა.
როცა ჟინი განწყობას სძლევს
ვგრძნობდი, რომ ყველა ძირითადი ეტაპი, რომელსაც კარიერის დაწყებისას ვგეგმავდი, უკვე გავიარე და დიდი სიახლე მჭირდებოდა. ასე დავიწყე ფიქრი ახალ შესაძლებლობებზე და რადგანაც გამოცდილი ფინანსისტებისთვის მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კურსი London Business School-ის Masters in Finance არის, გადავწყვიტე ზუსტად აქ მეცადა ბედი
ბიზნესისა და ფინანსების სფეროში კონკურენცია საკმაოდ მაღალია, ამიტომ ნიკოლოზმა მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო.
ყველაზე მეტი დრო დავუთმე სტრატეგიის შემუშავებას, იმის ჩამოყალიბებას, თუ რა იყო ჩემი რეალური ისტორია და რატომ შეიძლებოდა, გამემარჯვა მე. შემდეგ იყო ესეების დაწერისა და ხელახლა გადაწერის უსასრულო პროცესი, ენის გამოცდა, ინტერვიუები. ამ ყველაფერთან გასამკლავებლად საჭიროა გეგმა, მიზანდასახულობა და დისციპლინა, ყოველთვის ამაღლებულ განწყობაზე ვერ ვიქნებით, მაგრამ წარმატების ჟინმა უნდა სძლიოს განწყობას
მიზანი, რომელიც ქვეყანას ცვლის
Chevening-ი იმ ადამიანებს ეძებს, რომლებსაც გრძელვადიანი სამომავლო ხედვები და საკუთარი ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვის მოტივაცია აქვთ. ნიკოლოზიც სწავლის დასრულების შემდეგ მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას საქართველოში სამეწარმეო სფეროს პროგრესისთვის გამოიყენებს.
ფინანსების და ეკონომიკის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება ძალიან დამეხმარება ეროვნულ ბანკში ჩემი მიმართულების გაძლიერებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვან კონტაქტებს შევიძენ მთელი მსოფლიოდან, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე გლობალური პროგრამაა ჩემს სფეროში
რჩევები მომავალ სტიპენდიატებს
მახსოვს, დადებითი პასუხი რომ მოვიდა, ბევრჯერ გადავიკითხე, რამე ხომ არ მეშლება-მეთქი, ერთდროულად დიდი სიხარული და შფოთვა ვიგრძენი. ყველა ეტაპს თავისი სირთულეები ახლავს, თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი მაინც სწორი პოზიციონირებაა. უნდა გქონდეს საინტერესო ამბავი და ესეების დაწერისას თუ ინტერვიუების ეტაპზე, ყველა სიტყვამ ამ ამბის გარშემო უნდა იტრიალოს
თუ შენც გინდა, ისწავლო დიდ ბრიტანეთში სასურველ სამაგისტრო კურსზე და შეცვალო საკუთარი და სხვების ცხოვრება, აუცილებლად სცადე, გადადი ბმულზე და შეავსე აპლიკაცია 7 ოქტომბრის ჩათვლით.
პროცესი რომ გაგიმარტივდეს, გაეცანი ბლოგს სტიპენდიაზე ხშირად დასმული კითხვების შესახებ.
გახსოვდეს, რომ სწავლისა და განვითარების ჟინს წინ ვერაფერი დაუდგება.