Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

ანაზღაურებადი სტაჟირება სტუდენტებისთვის: 5 მიზეზი, რატომ უნდა გახდე ლიდერატორი

რასაც უნივერსიტეტში თეორიულად სწავლობ, ყველაზე კარგად მაშინ გაიგებ, როცა მას რეალურ საქმეში გამოიყენებ. ლიდერატორი საქართველოს ბანკის სტაჟირების პროგრამაა სტუდენტებისთვის, რომელიც სწორედ ამის საშუალებას გაძლევს.

აქ როტაციით მუშაობ სხვადასხვა გუნდში, ანაზღაურებას იღებ და სწავლასაც არ წყვეტ. ახალი ნაკადის მიღება იანვარში იწყება.

რა არის ლიდერატორი და ვის შეუძლია მონაწილეობა?

ლიდერატორი სრულად ანაზღაურებადი პროგრამაა, რომელიც 2017 წლიდან ეხმარება ახალგაზრდებს კარიერის დაწყებაში.

მონაწილეობა შეგიძლია, თუ დამამთავრებელი (III, IV) კურსის სტუდენტი ხარ ან სწავლა 1-2 წლის წინ დაასრულე.

რას აკეთებენ 2026 წლის ლიდერატორები?

ამ წლის ლიდერატორები უკვე აქტიურად არიან ჩართული ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში. ისინი როტაციით მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებაზე და პრაქტიკაში ეცნობიან, როგორ მუშაობს ბანკი შიგნიდან.

თითოეული პროგრამა 2-3 როტაციისგან შედგება, ამიტომ ერთ დეპარტამენტში არ ჩერდები. სხვადასხვა გუნდთან მუშაობისას უკეთ ხვდები, რომელი სფერო გაინტერესებს და სად ვლინდება შენი ძლიერი მხარეები.

რას მოგცემს ლიდერატორი?

1. პერსონალური მენტორი ყველა ეტაპზე

თითოეულ ლიდერატორს პროგრამის ყველა ეტაპზე ჰყავს პერსონალური მენტორი, ბანკის გამოცდილი თანამშრომელი. ის გიზიარებს ცოდნას, გაძლევს რჩევებს და მუდმივ უკუკავშირს.

მისი დახმარებით უფრო მარტივად ერგები ახალ გარემოს და ზუსტად განსაზღვრავ კარიერულ ინტერესებს.

2. ტრენინგები ეფექტური სტარტისთვის

პროგრამა ინტენსიური ტრენინგებით იწყება. აქ ავითარებ როგორც ტექნიკურ და პროფესიულ (Hard Skills), ისე კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარებს (Soft Skills).

ონბორდინგისა და თიმბილდინგის აქტივობები კი გეხმარება, გაეცნო კორპორაციულ კულტურას და გუნდში მალე იგრძნო თავი კომფორტულად.

3. სწავლაზე მორგებული გრაფიკი

სტანდარტული სამუშაო დღე 8-საათიანია, თუმცა ის მაქსიმალურად ერგება შენს სასწავლო ცხრილს. ამას ემატება დამატებითი თავისუფალი დღეები (Day off), რომლებიც შეგიძლია საგამოცდო პერიოდში ან დასვენებისთვის გამოიყენო.

4. ანაზღაურება და დამატებითი ბენეფიტები

პროგრამა სრულად ანაზღაურებადია. ტრენინგების შემდეგ, პრაქტიკულ ეტაპზე გადასვლისას, ანაზღაურება იზრდება. გარდა ამისა, ისარგებლებ ჯანმრთელობის დაზღვევით და სხვა კორპორაციული შეთავაზებებით.

5. დასაქმების რეალური შანსი

თუ პროგრამას წარმატებით დაასრულებ, კარიერის საქართველოს ბანკში გაგრძელების შესაძლებლობა გექნება. სტატისტიკის მიხედვით, ლიდერატორის მონაწილეთა საშუალოდ 78% კარიერას ბანკში აგრძელებს.

რომელ მიმართულებებს მოიცავს ლიდერატორი?

ახალი ნაკადის მიმართულებების ზუსტ სიას მიღების გამოცხადებისას გაიგებ. წინა წლებში პროგრამა სხვადასხვა სფეროს აერთიანებდა, მათ შორის:

  • კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი
  • ფინანსური მენეჯმენტი
  • მარკეტინგი
  • ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი
  • მონაცემთა მეცნიერება (Data Science)
  • iOS დეველოპმენტი
  • საბანკო სამართალი
  • ტალანტების მოზიდვა და განვითარება (HR)

განაცხადის შეტანა ერთდროულად მაქსიმუმ 3 პროგრამაზე შეგიძლია. ამიტომ ჯობს, წინასწარ მოიფიქრო, რომელი სამი მიმართულება გიზიდავს ყველაზე მეტად.

როგორ მიმდინარეობს ლიდერატორის შერჩევა?

შერჩევა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

  • რეზიუმეს განხილვა
  • ზოგადი უნარების ტესტი, რომელიც ლოგიკურ და ანალიტიკურ აზროვნებას აფასებს
  • პროფესიული ტესტირება, რომლის შინაარსიც კონკრეტულ პროგრამაზეა დამოკიდებული
  • გასაუბრება
  • ინდივიდუალური ან ჯგუფური პრეზენტაცია
  • შეთავაზება (Offer) პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, რომელსაც წარმატებული კანდიდატები იღებენ

დატოვე CV წინასწარ და ელფოსტით მიიღებ ინფორმაციას პროგრამის გამოცხადებისა და საინფორმაციო ვებინარის შესახებ. ამიტომ ის ზუსტად მიუთითე და იმეილი ხშირად შეამოწმე.

ლიდერატორში ცოდნას პრაქტიკაში გამოცდი, ისწავლი პროფესიონალებისგან და კარიერას ანაზღაურებადი სამსახურით დაიწყებ. ახალი ნაკადის მიღება იანვარში იწყება. შესაძლოა, სწორედ აქ დაიწყოს შენი პროფესიული გზა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს