Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

ბავშვის კვება: რას ურჩევს მშობლებს Mr. Nutrition | შეხვედრა ნუტრიციოლოგთან

საღამოა, ვახშამი მზადაა, შვილი კი თეფშს თითქმის არ ეკარება. ასეთ დროს ბევრი მშობელი ცდილობს, როგორმე დააინტერესოს: ხან მულტფილმს ურთავს, ხან ტკბილეულს ჰპირდება. ეს ყველაფერი სიყვარულით ხდება, თუმცა სწორედ ასეთ პატარა მომენტებში ყალიბდება ჩვევები, რომლებიც შვილს წლების შემდეგაც გაჰყვება.

როგორ დაეხმარო შვილს საკვებთან ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, ამ თემაზე 15 ნოემბერს ნუტრიციოლოგი თორნიკე ენუქიძე, იგივე Mr. Nutrition მშობლებს უფასო შეხვედრაზე ესაუბრება. შეხვედრის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

კითხვები ბავშვის კვებასთან დაკავშირებით

თუ ფიქრობ, რომ შვილის კვებასთან დაკავშირებული კითხვები არ მთავრდება, იცოდე, რომ მარტო არ ხარ. ნუტრიციოლოგს მშობლები ყველაზე ხშირად ასეთ კითხვებს უსვამენ:

  • შვილი უჭმელია, როგორ მოვიქცე?
  • უსაფრთხოა ბავშვისთვის ვიტამინებისა და საკვები დანამატების მიცემა?
  • წვნიანს საერთოდ არ ჭამს, რა ვქნა?
  • ბოლო დროს წონაში მოიმატა და ტკბილეული ძალიან უყვარს. ავუკრძალო?

ამ და ნებისმიერ სხვა კითხვაზე, რომელიც შვილის კვებასთან დაკავშირებით გაქვს, პასუხს 15 ნოემბრის შეხვედრაზე მიიღებ. ზოგიერთ მათგანს კი ქვემოთაც შევეხებით.

რატომ არის 6-დან 12 წლამდე ასაკი ასეთი მნიშვნელოვანი?

ტკბილეულისა თუ ჩიფსის სიყვარული, ერთი შეხედვით, ბავშვური ხასიათის ნაწილია. სინამდვილეში, ამ ჩვევის ჩამოყალიბებაში მშობელიც მონაწილეობს: ზოგჯერ ზედმეტი წახალისებით, ზოგჯერ კი არასაჭირო აკრძალვით. ორივე შემთხვევაში, როდესაც ბავშვი გაიზრდება, შედეგი შეიძლება უკონტროლო გახდეს.

სტატისტიკაც ამაზე მიუთითებს: საქართველოში ზრდასრულთა დაახლოებით 60%-ს ჭარბი წონა ან სიმსუქნე აწუხებს, ხოლო შვიდი წლის ყოველი მესამე ბავშვი წონასთან დაკავშირებულ პრობლემას აწყდება.

ნუტრიციოლოგიაში არსებობს ტერმინი „კარიბჭის მცველი“ და შვილის შემთხვევაში ეს მცველი შენ ხარ. დღეს, როცა სოციალური ქსელები, რეკლამები და ფერადი შეფუთვები ბავშვის ყურადღებისთვის ერთად იბრძვის, ამ როლის შესრულება მართლაც არ არის მარტივი. მაგრამ გარემოს მიუხედავად, შვილის კვების მთავარი არქიტექტორი მაინც მშობელია.

საკმარისია თუ არა, რომ ბავშვი ბევრს ჭამს?

ყველა მშობელს უხარია, როცა შვილს მადა აქვს და კარგად იზრდება. თუმცა ბევრი ჭამა ყოველთვის სწორ კვებას არ ნიშნავს. ნუტრიციოლოგები ამას „უხილავ შიმშილს“ უწოდებენ: ბავშვი შეიძლება საკმარისად, ზოგჯერ ზედმეტადაც კი ჭამდეს და წონაშიც იმატებდეს, მაგრამ მის ორგანიზმს მაინც აკლდეს ვიტამინები და მინერალები, რომლებიც ზრდისა და განვითარებისთვის სჭირდება.

ასე ხდება, როცა ბავშვის კვებაში „ცარიელი კალორიები“ ჭარბობს: თეთრი პური, თეთრი მაკარონი და ტკბილეული. ასეთი საკვები ენერგიას აძლევს, მაგრამ მნიშვნელოვანი მიკროელემენტები მაინც აკლდება:

  • იოდის ნაკლებობისას ბავშვი ინფორმაციას ნელა აღიქვამს და ამუშავებს, რაც სწავლის უნარზეც აისახება.
  • თუთიის ნაკლებობა აფერხებს ბავშვის განვითარებასა და იმუნური სისტემის მუშაობას.
  • D ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტისას ორგანიზმი კალციუმს ძვლებიდან იღებს. ანალიზები შეიძლება ნორმაში იყოს, მაგრამ ასაკთან ერთად ეს მყიფე ძვლებით გამოვლინდეს.

ამიტომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რამდენს ჭამს შენი შვილი, არამედ ისიც, თუ რამდენად მდიდარია მისი თეფში საჭირო ვიტამინებითა და მინერალებით.

რატომ არ უნდა იქცეს საკვები ჯილდოდ?

„თუ წვნიანს შეჭამ, შოკოლადს მოგცემ“, „თეფში ბოლომდე დააცარიელე და…“. ამ ფრაზებს ალბათ შენც ხშირად ისმენდი ბავშვობაში და ახლა თავადვე იმეორებ სიყვარულით, რადგან გსურს, შვილმა კარგად ისადილოს.

თუმცა, ასეთ დროს საკვები, რომელიც ბავშვისთვის მხოლოდ ენერგიის წყარო უნდა იყოს, ჯილდოდ და ვაჭრობის საგნად იქცევა. ბავშვი გაუცნობიერებლად სწავლობს, რომ ტკბილი გემო დამშვიდებისა და გახარების საუკეთესო გზაა. ალბათ შენ გარშემოც ბევრი ზრდასრულია, ვინც დაძაბული დღის შემდეგ ნუგეშს ტკბილეულში პოულობს. ეს ჯაჭვი ხშირად სწორედ ბავშვობის ჯილდოდან იწყება.

ეს შენი ბრალი არ არის. ეს ავტომატური ქცევაა, რომელიც წინა თაობებისგან გადმოგვეცა, თუმცა მისი შეჩერება სწორედ ახლაა ყველაზე მარტივი.

რატომ არის მავნე ეკრანი სადილის დროს?

შენს შვილს დაბადებიდანვე აქვს შინაგანი „საწვავის მაჩვენებელი“: ორგანიზმი თავად ეუბნება, როდის შია და როდის დანაყრდა. როდესაც ბავშვი არ ჭამს და სადილობისას მის წინ ტელეფონს ან პლანშეტს დებ, ის ფერებითა და ხმებით ერთობა და საკუთარი სხეულის ამ სიგნალს ვეღარ აღიქვამს.

ერთი შეხედვით კარგია, რომ თეფში ბოლომდე დააცარიელა, თუმცა სინამდვილეში ბავშვი საკუთარი სხეულის მოსმენას ვერ სწავლობს. რაც უფრო ხშირად მეორდება ეს პროცესი, მით მეტია შანსი, რომ ასაკთან ერთად ემოციური, გაუცნობიერებელი კვება ჩვევად ექცეს, წლების შემდეგ კი ეს ზედმეტ კილოგრამებში გამოიხატოს.

რა შეგიძლია შეცვალო დღეს?

დიდი ცვლილებები ყოველთვის პატარა ნაბიჯებით იწყება:

  • სადილის დროს ეკრანი გამორთე. მიეცი შვილს საშუალება, თავად იგრძნოს, როდის დანაყრდა.
  • საკვებს ჯილდოდ ნუ აქცევ. სადილი უბრალოდ სადილი იყოს და არა გარიგება.
  • თეფშს შემადგენლობითაც შეხედე. იფიქრე არა მხოლოდ იმაზე, რამდენი შეჭამა, არამედ იმაზეც, რა მიიღო მისმა ორგანიზმმა.

ვინ არის Mr. Nutrition?

Mr. Nutrition პერსონალიზებული ნუტრიციოლოგიის მაგისტრი და ამ კვალიფიკაციის მქონე ერთადერთი სპეციალისტია საქართველოში. ის ასევე Nutrition Academy of Georgia-ს დამფუძნებელია.

რას უნდა ელოდო 15 ნოემბრის შეხვედრაზე?

Nutrition Academy of Georgia და საქართველოს ბანკი 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ოთხსაათიან შეხვედრაზე იწვევენ. ერთ სივრცეში 300 მშობელი შეიკრიბება, მონაწილეობა კი სრულიად უფასოა.

  • თარიღი: 15 ნოემბერი, 12:00 საათი
  • ადგილი: Republic Event Hall, რესპუბლიკის მოედანი 6

შეხვედრაზე მიიღებ პრაქტიკულ რჩევებს, გაიგებ, რომელი გავრცელებული მითია მცდარი და კითხვა-პასუხის რეჟიმში შენთვის საინტერესო საკითხებსაც დეტალურად გაარკვევ. რეგისტრაციისას ფორმაში მიუთითე მინიმუმ ერთი კითხვა, რომელიც შვილის კვებასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად გაწუხებს, თორნიკე კი პასუხს წინასწარ მოგიმზადებს.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს