2 წუთი წასაკითხად
ლაშა გურული: ქართველი მოკრივის გზა ოლიმპიადიდან უემბლის რინგამდე
აღმოაჩინე ლაშა გურულის შთამაგონებელი გზა ოლიმპიური ოცნებიდან უემბლის ლეგენდარულ რინგამდე. გაიგე, როგორ მიაღწია მან წარმატებას მიუხედავად სირთულეებისა.
24 ნოე. 2025
2 წუთი წასაკითხად
ზოგჯერ სპორტში ყველაზე საინტერესო თვითონ გზაა – სირთულეებით, მარცხითა და იმედგაცრუებით სავსე გზა, რომელსაც ადამიანი გამარჯვებამდე გადის. ეს ამბავი ქართველ მოკრივეზე, ლაშა გურულზეა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა, რას ნიშნავს, როცა ბევრს შენი აღარ სჯერა, მაგრამ შენ მაინც აგრძელებ ბრძოლას.

გზა ოლიმპიური ოცნებისკენ
ყველაფერი 7 წლის ბავშვის ოცნებით დაიწყო. ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად, მას ორი წარუმატებელი მცდელობა დასჭირდა 2016 და 2020 წლებში. ეს ნებისმიერი სპორტსმენისთვის მძიმე დარტყმა იქნებოდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც პირდაპირ ურჩევდნენ, გაჩერებულიყო და სხვა საქმისთვის მოეკიდა ხელი.
მაგრამ ლაშა არ გაჩერებულა. პირიქით, ყოველი მარცხი მისთვის ახალი გაკვეთილი და მეტი მოტივაცია იყო.
7 წლის ასაკიდან ვიცოდი, რომ ჩემი გზა ოლიმპიური კრივით უნდა დაწყებულიყო. გზა მარტივი არ ყოფილა. მაგრამ არ გავჩერდი. ვცდილობდი ყველა დამარცხებიდან რაღაც მესწავლა – იხსენებს ლაშა გურული
სწორედ ამ დროს, როცა მის შესაძლებლობებს ბევრი ეჭვქვეშ აყენებდა, მან 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ეს იყო პირველი ნიშანი, რომ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ იყო.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადა გარდამტეხი აღმოჩნდა – ლაშამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მერვედფინალში აზერბაიჯანელი მეტოქე დაამარცხა და საუკეთესო რვა მოკრივეს შორის მოხვდა. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს გამარჯვება ოქროს ტოლფასი იყო, რადგან ყველამ იცოდა, რა რთული გზა გაიარა სპორტსმენმა ამ დღემდე.
ახალი თავი: პროფესიული რინგი და დებიუტი უემბლიზე
ამ წარმატების შემდეგ ლაშამ პროფესიულ კრივში გადაინაცვლა, რაც მისი კარიერის სრულიად ახალ ეტაპს ნიშნავდა.
2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. ამის შემდეგ კი შედგა დებიუტი პროფესიულ კრივში. ეს კი ამტკიცებს იმას, რომ ჟინი ყველაშია, მთავარია მიაგნო და მერე აღარასდროს გაუშვა
პროფესიულ რინგზე მისი პირველი ბრძოლა ლონდონის ლეგენდარულ უემბლის არენაზე გაიმართა. 100,000 მაყურებლის წინაშე ლაშამ მეტოქე ნოკაუტით დაამარცხა. იმისთვის, რომ ამ გამარჯვების მასშტაბი უკეთ გავიგოთ, საკმარისია გავიხსენოთ, რომ უემბლის რინგზე ისეთი მოკრივეები ასპარეზობდნენ, როგორებიც ენტონი ჯოშუა, ვლადიმირ კლიჩკო და ტაისონ ფიური არიან.
ოლიმპიური ბრინჯაო, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მედლები, დებიუტი პროფესიულ კრივში და ნოკაუტი უემბლიზე – ეს ლაშა გურულის მიღწევების შთამბეჭდავი, მაგრამ არასრული სიაა. როგორც თავად ამბობს, ის გაჩერებას არ აპირებს.
წინ, მესამე პროფესიონალური ბრძოლაა. ვერაფერი გამაჩერებს, სანამ ვიცი, რომ მეტი შემიძლია. მთავარი არგაჩერების ჟინია
ლაშა გურულის ისტორია იმაზეა, რომ ზოგჯერ ყველაზე დიდი გამარჯვებები სწორედ ყველაზე რთული გზის გავლის შემდეგ მოდის.
