2 წუთი წასაკითხად
აგრომეტა: როგორ ცვლიან დრონები სოფლის მეურნეობას საქართველოში
6 აგვ. 2026
2 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
წარმოიდგინეთ ტექნოლოგია, რომელიც ფერმერების სამუშაოს ტრაქტორზე ხუთჯერ სწრაფად ასრულებს და ამავდროულად თავიდან გვარიდებს მოსავლისა და ადამიანის ფიზიკურად დაზიანებას. ეს აგრომეტას აგროდრონების მუშაობის პრინციპია.
კომპანია 2022 წლიდან ქართველ ფერმერებს ეხმარება მცენარეების მავნებლებისგან დაცვაში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით გაცილებით მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა.
ალბათ ყველაზე დიდი, რაც გვამოძრავებს, არის ის, რომ აგრომეტას გუნდი მთელი გულით გულშემატკივრობს ქართველ ფერმერს. სწორედ ამის გამო ჩვენი გუნდის ყველა წევრი ბოლომდე იხარჯება, რათა ფერმერმა ყველა ჯერზე საუკეთესო შედეგი მიიღოს.
– თამარ ბუაძე, აგრომეტას თანადამფუძნებელი
გამოწვევა, რომლის წინაშეც ფერმერები დგანან
ნათესების შეწამვლის პროცესი ნებისმიერი ფერმერისთვის ნაცნობ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მძიმე ტექნიკა გადაადგილებისას აუცილებლად აზიანებს მოსავლის ნაწილს, რთულ რელიეფზე ან წვიმიან ამინდში კი მუშაობას საერთოდ ვერ ახერხებს. ამას ემატება პესტიციდებთან პირდაპირი კონტაქტით გამოწვეული ჯანმრთელობის რისკები.
აგრომეტა ამ პრობლემებს სრულად აგვარებს. დრონები ჰაერიდან მუშაობენ, ზუსტად ანაწილებენ პრეპარატებს და მნიშვნელოვნად ამცირებენ წყლისა და პესტიციდების მოხმარებას. შედეგი კი ცხადია:
- სიჩქარე: სამუშაო ტრაქტორზე 5-ჯერ სწრაფად სრულდება.
- მოსავლის დაცვა: ნათესები დაზიანებისგან სრულად დაცულია.
- ხელმისაწვდომობა: დრონს მუშაობა შეუძლია ფერდობებზე და უამინდობის დროსაც.
- უსაფრთხოება: პილოტი პროცესს უსაფრთხო დისტანციიდან მართავს.
იდეა, რომელიც პრაქტიკამ შექმნა
კომპანიის სიძლიერე გუნდის მრავალფეროვან გამოცდილებაშია, რომელიც სოფლის მეურნეობის, ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარების ცოდნას აერთიანებს.
ყველაფერი 2021 წელს, ლაგოდეხში დაიწყო, სადაც დრონების ენთუზიასტი ნიკა მესხი და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბიზნესმენი მაიკლ ჰუბნერი შეხვდნენ ერთმანეთს.
იმ დროისთვის ნიკას უკვე მოპოვებული ჰქონდა GITA-ს გრანტი, რომლის მეშვეობითაც პირველი აგრო-დრონი შეიძინა. მოგვიანებით, მაიკლ ჰუბნერის ინვესტიციით, აგრომეტამ მეორე აგრო-დრონიც შეიძინა და ქართველ ფერმერებთან ერთად ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოცდა და დანერგვა დაიწყო.
შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა – ბაზარზე არსებობს რეალური მოთხოვნა ინოვაციაზე, რომელსაც ხელშესახები სარგებლის მოტანა შეუძლია.
ასობით ფერმერთან მუშაობამ და მათთან მუდმივმა კომუნიკაციამ გუნდს განვითარების ახალი მიმართულება დაანახა. მათ დაინახეს, რამდენად ღირებული იქნებოდა შეწამვლის პროცესის კიდევ უფრო დახვეწა და ოპტიმიზაცია. სწორედ ამ დაკვირვების საფუძველზე ჩამოყალიბდა Smart Farmer-ის იდეა – პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც დრონით გადაღებული მონაცემების ანალიზით ზუსტად დაადგენს, ნაკვეთის რომელ ნაწილს სჭირდება დამუშავება.
სწორედ ამ იდეით გაიმარჯვა აგრომეტამ UNDP-ისა და საქართველოს ბანკის Greennovation Acceleration პროგრამაში და ყველაზე მაღალი გრანტი მიიღო.
Greenovation-ისგან ყველაზე ღირებული, რაც მივიღეთ, არის ის, რომ კიდევ უფრო უკეთ დავინახეთ კავშირი აგრომეტასა და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს შორის. ამ პროექტმა გვიჩვენა, რომ ბევრად დიდი სარგებლის მოტანა შეგვიძლია გარემოსა და სოციუმისთვის, რაც ძალიან მამოტივირებელია.
რა არის შემდეგი ნაბიჯი
მოპოვებული გრანტით აგრომეტა Smart Farmer-ის პირველი ვერსიის (MVP) შექმნას იწყებს. ეს ტექნოლოგია ფერმერებს საშუალებას მისცემს, პესტიციდები გამოიყენონ მხოლოდ იქ, სადაც ეს ნამდვილად საჭიროა, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ხარჯებსა და გარემოზე ზემოქმედებას.
პარალელურად, კომპანია გეოგრაფიულ გაფართოებას გეგმავს. დღეს აგრომეტა აღმოსავლეთ საქართველოს (კახეთი, შიდა და ქვემო ქართლი) ფარავს, შემდეგი სეზონიდან კი დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ფოთი-ხობის რეგიონშიც დაიწყებს ოპერირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში კი აგრომეტა საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლასაც განიხილავს.
აგრომეტას ისტორია აჩვენებს, რომ წარმატებული აგროტექნოლოგიური ბიზნესი იწყება არა უბრალოდ ტექნოლოგიით, არამედ ფერმერის პრობლემის სიღრმისეული გააზრებით. ტექნოლოგია მხოლოდ ამ პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტია, რომლის ნამდვილი ღირებულება მაშინ ვლინდება, როცა ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანებზე, ინდუსტრიასა და გარემოზე.
თუ გაინტერესებთ, როგორ ეხმარება თანამედროვე ტექნოლოგიები ქართულ სოფლის მეურნეობას, თვალი ადევნეთ აგრომეტას სიახლეებს LinkedIn-სა და Facebook-ზე.