2 წუთი წასაკითხად
"თქვენი იდეა არ იმუშავებს" – Helio AI-ის ქეისი ანტრეპრენერებისთვის
29 ოქტ. 2025
2 წუთი წასაკითხად
დაფინანსების უარყოფითი წერილის მიღების შემდეგ, Helio AI-ის ოფისში 10-წუთიანი სიჩუმე ჩამოწვა. მთელი გუნდი ერთმანეთს შეჰყურებდა, თვეების შრომა კი ერთი ელფოსტით დასრულდა. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა.
იმის გასაგებად, თუ რატომ არ დანებდა გუნდი ამ და სხვა მრავალი უარყოფის შემდეგ, ცოტა უკან უნდა დავბრუნდეთ – იმ პერიოდში, როცა იდეა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ყველაფერი პირადი გამოცდილებით დაიწყო.
იაკო ჯიქიასა და Helio AI-ის სხვა თანადამფუძნებლებს რეკრუტინგის პროცესი უდიდეს დროსა და ენერგიას ართმევდა. მათ გააცნობიერეს, რომ ეს პრობლემა მხოლოდ მათ არ აწუხებდათ და შეეძლოთ, შეექმნათ ინსტრუმენტი, რომელიც ამ პროცესს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურადაც გარდაქმნიდა.
სწორედ ასე დაიბადა Helio AI – ხელოვნური ინტელექტის მქონე რეკრუტინგის აგენტი, რომლის მიზანიც კომპანიებისთვის საუკეთესო კადრების სწრაფად შერჩევაა.
ჟინი: Helio AI-ის პასუხი სკეპტიციზმზე
იდეასა და მის რეალიზაციას შორის დიდი და რთული გზა იდგა. გუნდი ხშირად ხვდებოდა სკეპტიციზმს. ინვესტორები თუ კონკურსების ჟიური ეუბნებოდნენ, რომ მათი იდეა განწირული იყო, კვალიფიკაცია კი – არასაკმარისი.
სხვა გუნდი, შესაძლოა, ამ ეტაპზე გაჩერებულიყო, მაგრამ Helio AI-მ სვლა გააგრძელა.
იაკო ამ მდგომარეობას “ჟინს” უწოდებს:
შინაგანი, დაუოკებელი სურვილი რაღაცის მიღწევის, შექმნის, შენების, რომელიც არ გვაძლევს მოსვენებას მანამ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ.
ჟინი გახდა მათი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ყოველი უარი მათთვის არა დასასრული, არამედ მოტივაციის ახალი წყარო იყო.
გარდამტეხი მომენტი: Helio AI-ის სამი ცდა და ერთი გამარჯვება
ყველაზე ნათლად ეს დაფინანსების ერთ-ერთ კონკურსზე გამოჩნდა. პირველივე ცდაზე, თვეების შრომის შემდეგ, მათ უარი მიიღეს. სწორედ მაშინ დადგა ის 10-წუთიანი სიჩუმე, მაგრამ ამის შემდეგ გუნდი არ დაშლილა.
პირიქით, დაგეგმილი შეხვედრა გააგრძელეს, თითქოს არაფერი მომხდარა. შემდეგ მეორედაც სცადეს და კვლავ უარი მიიღეს, მაგრამ არც მაშინ დანებებულან და მესამე ცდაზე, როგორც იქნა, გაიმარჯვეს.
ეს გამოცდილება გახდა Helio AI-ის ფილოსოფიის განმსაზღვრელი მომენტი – არასოდეს დანებდე, გააგრძელე მცდელობა.
Helio AI-ის წარმატება და 500 Global-ის როლი
Helio AI დღეს 400-მდე ბრენდს ემსახურება მსოფლიოს 7 ქვეყანაში. ეს წარმატება კი იმ დაუღალავი შემართების პირდაპირი შედეგია, რომელიც კომპანიის კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. გუნდის ახალ წევრებსაც სწორედ ამ შინაგანი ენერგიის მიხედვით არჩევენ.
500 Global in Eurasia – სტარტაპების აქსელერაციის პროგრამა სწორედ ასეთი ანტრეპრენერების მხარდასაჭერად შეიქმნა. პროგრამა 500 Global-ის მიერ, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 2020 წლიდან პროგრამა უკვე 10 ქვეყნის 80-ზე მეტ სტარტაპს დაეხმარა.
საბოლოო ჯამში, იაკო ჯიქიასა და მისი გუნდის გზა გვიჩვენებს, რომ ანტრეპრენერობა მხოლოდ ბიზნესგეგმასა და ციფრებზე არ არის დამოკიდებული. ის, უპირველეს ყოვლისა, არის რწმენა, შეუპოვრობა და ჟინი, რომელიც მაშინაც კი გიბიძგებს წინსვლისკენ, როცა ყველა და ყველაფერი საპირისპიროს გეუბნება.
თუ შენც გაქვს იდეა, რომლისაც გჯერა და ეძებ მხარდაჭერას, გაეცანი 500 Global in Eurasia-ს პროგრამას და გახდი შემდეგი წარმატების ისტორიის ნაწილი.