3 წუთი წასაკითხად
კრიპტოს ანბანი: 10 ტერმინი, რომელიც კრიპტოსამყაროში დაგჭირდება
21 ივლ. 2026
3 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
ხშირად, კრიპტოსამყაროზე საუბარი უცხო ენის შესწავლას ჰგავს. აზრის გამოსატანად რამდენიმე საკვანძო სიტყვა გჭირდება და დანარჩენს ინტუიციითაც გაიგებ.
ჰოდლი, ალტკოინი, ბლოკჩეინი: თუ ციფრული ფულით ხარ დაინტერესებული, ალბათ, ამ სიტყვებისთვის ყური ხშირად მოგიკრავს. ამ ბლოგის წაკითხვის შემდეგ შენ შეძლებ არა მხოლოდ გაიგო, რას ნიშნავს ესა თუ ის ტერმინი, არამედ გამოიყენო კიდეც ისინი საკითხზე სასაუბროდ.
კრიპტოვალუტა
მოდი, დავიწყოთ ფუნდამენტური ტერმინებით. კრიპტოვალუტა არის ციფრული ფული, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს. ეს არის ვირტუალური მონეტებისა და ტოკენების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გაძლევს, განახორციელო გადახდები პირდაპირ სხვა პირებთან ყოველგვარი შუამავლის გარეშე.
ალბათ დაგაინტერესებს, რატომ აქვს მას ფასი? კრიპტოს არ გააჩნია კანონით განსაზღვრული ან ფიზიკური ღირებულება, რადგან მას არავინ აკონტროლებს, არც ბანკი და არც სახელმწიფო. მას დეცენტრალიზებული ფული ჰქვია, რაც ნიშნავს, რომ მას ერთი მმართველი ცენტრი არ ჰყავს. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენის გადახდას აპირებს ხალხი მის შესაძენად ბაზარზე მოცემულ მომენტში. მარტივად რომ ვთქვათ, ის ზუსტად იმდენი ღირს, რამდენადაც მას საზოგადოება აფასებს.
ბლოკჩეინი
ბლოკჩეინი არის საერთო, უცვლელი ციფრული ჟურნალი, რომელიც აღრიცხავს კრიპტოში გაკეთებულ ყველა ტრანზაქციას, ანუ გადარიცხვას. ის მონაცემების ერთადერთ უტყუარ წყაროდ მიიჩნევა. წარმოიდგინე საერთო ონლაინ ცხრილი, რომელშიც ინფორმაცია ათასობით სხვადასხვა კომპიუტერზე ინახება. ეს სისტემას გაყალბებისგან სრულად იცავს, რადგან ჩაწერილი მონაცემის შეცვლა შეუძლებელია.
ბიტკოინი
ბიტკოინი პიონერი კრიპტოვალუტაა და პირველი ციფრული აქტივია, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. ბიტკოინი განსაზღვრული რაოდენობით არსებობს, ამიტომ მას ხშირად ციფრულ ოქროსაც უწოდებენ. ბიტკოინის ფასის ცვალებადობა ხშირად ისახება ხოლმე კრიპტოსამყაროს სხვადასხვა ციფრულ ერთეულზე და ის მთლიანი ბაზრის ერთგვარ ინდიკატორად მიიჩნევა.
ალტკოინი
ტერმინის განმარტება საკმაოდ მარტივია: ნებისმიერ კრიპტოს, რომელიც ბიტკოინი არ არის, ალტკოინი ჰქვია. მაგალითად: ეთერიუმი, სოლანა, რიპლი. ეს სიტყვა ნიშნავს ალტერნატიულ მონეტას.
ციფრული საფულე
ციფრული საფულე არის აპლიკაცია, რომელიც ბლოკჩეინზე არსებული კრიპტოს მართვის საშუალებას გაძლევს. ის ინახავს ციფრულ მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია ტრანზაქციების მისაღებად, დასადასტურებლად და ნაშთის შესამოწმებლად. მობილბანკს ჰგავს, ოღონდ კრიპტოსამყაროსთვის.
მაინინგი
მაინინგი არის პროცესი, როცა მძლავრი კომპიუტერები ამოწმებენ კრიპტოს ტრანზაქციებს და ქსელის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ამის სანაცვლოდ ისინი ჯილდოდ ახალ მონეტებს იღებენ. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ციფრული გადარიცხვების შემოწმება, რისთვისაც მონაწილეები ანაზღაურებას იღებენ.
HODL
ეს ტერმინი ნიშნავს კრიპტოს შენახვას მაშინაც, როცა მისი ფასი მნიშვნელოვნად მცირდება. მისი სრული მნიშვნელობაა: შეინახე სიცოცხლის ფასადაც კი. დაჰოდლე, ანუ ჯერ არ გაყიდო და დაელოდე მომავალში ფასების ცვლილებას.
Bull vs Bear Market
ხარის და დათვის ბაზარი აღწერს ფასების ზრდისა და კლების ტენდენციას. ხარის ბაზარი არის პერიოდი, როდესაც ფასები სტაბილურად იმატებს და ინვესტორები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. ხარი რქებით ყველაფერს ზევით სწევს. დათვის ბაზარი კი პირიქით, ფასების ვარდნისა და ნეგატიური განწყობის პერიოდია, რადგან დათვი თათებს ქვევით ურტყამს.
თუ ვინმე ამბობს, რომ ის არის ბულიშ, ეს ნიშნავს, რომ ის ფასების ზრდას ელოდება. ბერიშ განწყობა კი ფასების კლების მოლოდინს ნიშნავს.
FOMO (ფომო)
ეს ტერმინი კრიპტო სამყაროს ფარგლებს გარეთაც პოპულარულია. FOMO ნიშნავს რაიმე მნიშვნელოვნის გამოტოვების შიშს. სწორედ ამ შიშის გამო ყიდულობენ ხოლმე ადამიანები კრიპტოს მაშინ, როცა მისი ფასი უკვე პიკზეა, რადგან გონიათ, რომ დიდ მოგებას დაკარგავენ. ამ კონკრეტულ შიშს ხშირად იმედგაცრუება მოყვება ხოლმე.
ფიატ ფული
კრიპტოსამყაროში ასე მოიხსენიებენ ტრადიციულ ფულს, მაგალითად: ლარს, დოლარს ან ევროს. ამგვარად ისინი ჩვეულებრივ ვალუტას კრიპტოსგან ასხვავებენ.
ის მინიმუმი, რაც კრიპტო სამყაროში პირველი ნაბიჯების გადასადგმელად გჭირდება, უკვე იცი. შეგიძლია, ეს ცოდნა კარგად ნაცნობ და უსაფრთხო სივრცეში გამოიყენო – შეიძინო და გაყიდო 50-მდე წამყვანი კრიპტო პირდაპირ მობილბანკიდან, სულ რაღაც 1 დოლარიდან.
გახსოვდეს, რომ მთავარია არა მხოლოდ ტერმინების ცოდნა, არამედ მათი გონივრულად გამოყენება. თუ დაინტერესებული ხარ კრიპტოსამყაროთი და გინდა გაიგო მეტი, მაშინ ადევნე თვალი საქართველოს ბანკის ბლოგებს.
გაითვალისწინე, რომ ეს ბლოგი საინფორმაციო მიზნებისთვისაა შექმნილი და არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.