Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

რატომ არის გაცვლითი კურსი ყველასთვის მნიშვნელოვანი?

გლობალურ სამყაროში ვალუტა მხოლოდ გადახდის საშუალება აღარ არის, ის გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენს ვხარჯავთ, რამდენის გადადება შეგვიძლია და რამდენი ვალი გვაქვს. თუ პროდუქტს ონლაინ ყიდულობთ, საზღვარგარეთ აპირებთ სწავლას ან ფულის დაბანდებაზე ფიქრობთ, თქვენი ეროვნული ვალუტის ღირებულება სხვა ვალუტებთან შედარებით მნიშვნელოვან, თუმცა ხშირად შეუმჩნეველ, როლს თამაშობს თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში.

მაშინაც კი, თუ ვალუტის ხშირი გადაცვლა ან მოგზაურობა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილი არ არის, კურსის ცვლილებას რეალური გავლენა შეიძლება ჰქონდეს როგორც ყოველდღიურ ხარჯებზე, ისე გრძელვადიან გეგმებზე.

რატომ იცვლება ვალუტის კურსი?

ვალუტის ღირებულებაზე, ანუ გაცვლით კურსზე, გავლენას მრავალი ფაქტორი ახდენს: ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლები, ინფლაცია, საპროცენტო განაკვეთები, პოლიტიკური სტაბილურობა და გლობალური მოვლენები. როდესაც ვალუტა ძლიერდება, მაშინ მეტი უცხოური ვალუტის ყიდვა შეგიძლია, ხოლო როცა სუსტდება − ნაკლების.

როგორ მოქმედებს ეს თქვენზე?

  • მსყიდველობითი უნარი − თუ თქვენი ვალუტა სუსტდება, იმპორტირებული საქონელი ძვირდება. მაგალითად, საზღვარგარეთ წარმოებული მობილური ტელეფონი ან ფეხსაცმელი შეიძლება ბევრად მეტი დაგიჯდეთ… და პირიქით  − ძლიერი ვალუტა უცხოურ პროდუქციას უფრო იაფს ხდის
  • დაზოგვა და ინვესტიცია − თუ უცხოურ ვალუტაში გაქვთ დანაზოგი ან საზღვარგარეთ ინვესტირებას გეგმავთ, გაცვლითი კურსის ცვლილება შეიძლება დადებითად ან უარყოფითად აისახოს თქვენს რეალურ შემოსავალზე. სუსტი ეროვნული ვალუტა ამცირებს უცხოური დანაზოგის ღირებულებას
  • სესხი − თუ თქვენ ან თქვენს ოჯახს უცხოურ ვალუტაში (მაგალითად, აშშ დოლარში ან ევროში) გაქვთ სესხი აღებული, ადგილობრივი ვალუტის გაუფასურება სესხის გადახდას აძვირებს
  • სწავლა, მოგზაურობა და მუშაობა საზღვარგარეთ − კურსის ცვლილება გავლენას ახდენს საზღვარგარეთ სწავლისა და მოგზაურობის გეგმებზე. სწავლის საფასური, ქირა და ყოველდღიური ხარჯები სუსტი ვალუტის მქონე ქვეყანაში შეიძლება გაცილებით მარტივად დასაფარავი გახდეს, თუ თქვენი ვალუტა ძლიერდება.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ?

გაცვლითი კურსების კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ მათი გავლენის ცოდნა დაგეხმარებათ წინასწარ გააკეთოთ გონივრული არჩევანი:

  • რაც შეიძლება მეტად გაამრავალფეროვნეთ თქვენი დანაზოგი და ინვესტიციები
  • თვალი ადევნეთ გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებს, თუ საერთაშორისო გეგმები გაქვთ
  • წინასწარ დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შენაძენები ან მოგზაურობები, რომლებიც კურსის ცვლილებასთან არის დაკავშირებული

ვალუტის ცვლილებების გააზრება გაძლევთ შესაძლებლობას, მიიღოთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები ამ ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში. ეს არის კიდევ ერთი გზა, რომ შექმნათ ფინანსური მდგრადობა, სადაც არ უნდა იყოთ და სადაც არ უნდა მიდიოდეთ.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს