4 წუთი წასაკითხად
ფიშინგის გავრცელებული მეთოდები - როგორ უნდა დაიცვა თავი ინტერნეტთაღლითობისგან
13 მარ. 2024
4 წუთი წასაკითხად
საკითხები
გააზიარე
პირველი თაღლითობა, რომელიც ისტორიამ შემოგვინახა, ძველი წელთაღრიცხვით 300 წელს მოხდა. თაღლითი, სახელად ჰეგესტრატოსი, საბერძნეთში გემის დაზღვევის ტყუილ სქემებს ხლართავდა. მას მერე სამყაროში მრავალმა თაღლითმა ჩაიარა, რომელთა შორის გამორჩეული ალბათ მეჰმეთ აიდინი იყო – მან 1 წელში 132 000 ადამიანი მოატყუა და თაღლითობით 1.1 მილიარდი ლირა იშოვა.
მართალია, ყველა მეჰმეთის მასშტაბზე ვერ გადის (კიდევ კარგი!), თუმცა თანამედროვე თაღლითებმა განვითარებულ სამყაროს ფეხი შესაბამისად აუწყვეს და ინტერნეტში გადმოინაცვლეს. მეთოდებს მუდმივად ცვლიან და აახლებენ, ამიტომ მსხვერპლი ნებისმიერი შეიძლება გახდეს, თუმცა არსებობს გზები, რომლებიც მახეში გაბმის რისკებს ამცირებს.
ინტერნეტთაღლითობა ციფრული ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ამ პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ მისი სხვადასხვა ტიპი არსებობს, იქნება ეს Phishing თუ Smishing. სამწუხაროდ, ამ ტიპის შეტევების შემთხვევები წლიდან წლამდე იზრდება, ამიტომ აუცილებელია, იცნობდე გავრცელებულ მეთოდებსა და მათგან თავდაცვის გზებს.
რადგან დღეს ადამიანების უმრავლესობა უმეტესად ვირტუალურ სივრცეში იყრის ხოლმე თავს, ინტერნეტთაღლითობის ყველაზე გავრცელებული სახეობა სწორედ ფიშინგია – კონფიდენციალური ინფორმაციის მოპოვება ონლაინ სივრცეში უკანონო გზებით. ამ მიზნით თაღლითები ხან მეილით გიკავშირდებიან, ხანაც მიმზიდველ შეთავაზებებს ათავსებენ სოციალურ ქსელებში. თუმცა, მსგავსი შემთხვევებისგან სრულად დაცული მაშინაც არ ხარ, თუკი სოციალურ ქსელებს აქტიურად არ იყენებ – შეთავაზება შენამდე SMS-ის სახითაც შეიძლება მოვიდეს. ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად ქვემოთ მოგიყვებით.
ფრთხილად იყავი მეილებთან
თუ მეილს არ ელოდებოდი, არ იცი, ვინ გიგზავნის, საეჭვო ინფორმაციას გიზიარებს და შენი საბანკო მონაცემების განდობას ან ბმულზე გადასვლას გთავაზობს, არ დაუჯერო: არ გადახვიდე მითითებულ ბმულზე და არ გადმოწერო მიბმული დოკუმენტი, რადგან ასე შეიძლება თაღლითს შენს პერსონალურ ინფორმაციაზე მისცე წვდომა.
ძალიან ხშირად თაღლითები ცნობილი და გავლენიანი ორგანიზაციების სახელებს იყენებენ: მთავრობის, კომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციის და ა.შ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ხალხს მეილზე მისდიოდა შეტყობინება ვითომ Netflix-ისგან, რომ დავალიანება ჰქონდათ გადასახდელი. სინამდვილეში, ეს Netflix-ის სახელს ამოფარებული თაღლითები იყვნენ. თუ შეტყობინება საეჭვოდ მოგეჩვენება, დარეკე გამომგზავნ დაწესებულებასთან და გადაამოწმე, ნამდვილად ისინი გწერენ თუ არა.
სმიშინგი და მისგან თავდაცვის გზები
სმიშინგი იგივე SMS-ფიშინგია: თაღლითები გზავნიან მიმზიდველ შეთავაზებას ტელეფონზე; რომ, მაგალითად, დიდი რაოდენობით PLUS ქულა მოიგე და ბმულზე გადასვლის შემთხვევაში ამ „საჩუქრის“ განაღდებას შეძლებ. ბმულზე მოტყუებით გადასულ მომხმარებელს ხვდება ფორმა, სადაც მისი ინტერნეტ ან მობილბანკის მონაცემების შეყვანას სთხოვენ.
პირველ რიგში, გახსოვდეს, რომ საქართველოს ბანკისგან SMS შეტყობინებას 4444-ის მსგავსად მხოლოდ იმ ოფიციალური მისამართიდან მიიღებ, საიდანაც იღებ ხოლმე შეტყობინებას: შეიძლება ეს იყოს SOLO, SOLO Offers, PLUS, sCoolCard ან StudentCard.
ამასთან, ყოველთვის დააკვირდი იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც მონაცემების შეყვანას გთხოვენ: ის თაღლითებმა ზოგჯერ ბანკის ოფიციალურ ვებმისამართსაც შეიძლება მიამსგავსონ. მისამართში შესაძლოა შეცდომა იყოს ან საერთოდ სხვა დასახელება ჰქონდეს. მაგალითად, bantofgeorgia.ge არ არის იგივე რაც bankofgeorgia.ge.
სმიშინგის დროს გამომგზავნის დასახელებაში ან ვებგვერდის მისამართში აუცილებლად არის მცირე სხვაობა ორიგინალთან, რადგან თაღლითები რეალურად არსებული კომპანიის სახელწოდების მიმსგავსებულს იყენებენ, რომ შეცდომაში შეგიყვანონ. თუ კარგად დააკვირდები, ამას თავადაც იოლად ამოიცნობ და მახეშიც აღარ გაებმები.
მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემამდე, ან თუნდაც საეჭვო ბმულზე გადასვლამდე, აუცილებლად დაუკავშირდი ბანკის წარმომადგენელს (ცხელ ხაზზე, სოციალურ მედიაში ან სხვა ნებისმიერი ოფიციალური არხით) და გადაამოწმე მისი ვალიდურობა.
რეკლამები სოციალურ ქსელში
სოციალურ ქსელში პოსტის შექმნა და მერე მისი დარეკლამება რთული ამოცანა სულაც არაა. შედარებით უფრო ძნელია, აუდიტორია დაარწმუნო, რომ შენი შეთავაზება ნამდვილია. სწორედ ამიტომ, თაღლითები ხშირად მოქმედებენ თუნდაც საქართველოს ბანკის სახელით და ასე არეკლამებენ საფრთხისშემცველ „გათამაშებას“. გათამაშება კი, რეალურად, კვლავაც საეჭვო ვებგვერდზე გადასვლას საჭიროებს, სადაც პირადი მონაცემების გამხელას გთხოვენ.
თუ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დაუჯერებლად ჟღერს, ძალიან დიდ მოგებას ან სკანდალურ ინფორმაციას გთავაზობს, დიდი ალბათობით, მართალი არ არის. ხშირად ასეთ ამბებს სოციალურ ქსელში თავიანთ გვერდზე გადასაყვანად და ყურადღების მისაქცევად იყენებენ, თუმცა მათ შორის თაღლითებიც არიან და თუ ზღაპრული ამბების გასაგებად ბმულზე გთხოვენ გადასვლას, არ გადახვიდე, თორემ მაგ ზღაპარს შეიძლება კეთილი ბოლო არ ჰქონდეს.
ამ დროსაც მნიშვნელოვანია, ყველაფერი ბანკის წარმომადგენელთან გადაამოწმო. თუმცა, ამასთან, აუცილებლად მიაქციე ყურადღება რეკლამის შემქმნელ გვერდს: ჰყავს თუ არა ბევრი გამომწერი და აქვს თუ არა წარსული აქტივობა: სხვა, არასარეკლამო პოსტები.
ერთ პატარა ხრიკსაც გასწავლით: ინტერნეტთაღლითები, როგორც წესი, გრამატიკას და მართლწერას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, ამდენად, დარეკლამებული პოსტის ტექსტი დაკვირვებით წაიკითხე.
საეჭვო ინვესტირების შეთავაზება არარეალური მოგების დაპირებით
სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ერთ მეთოდს გამოვყოფდით: როცა დარეკლამებული პოსტი ინვესტიციის გაღებას მოგების დაპირებით გპირდება. რა თქმა უნდა, კვლავაც გაურკვეველი წარმომავლობის ვებგვერდზე გეპატიჟებიან, ხშირად უცხოენოვანზე, და შეიძლება პატარა ტესტის გავლაც მოგთხოვონ.
კვლავაც გირჩევდით, არ გასცე არანაირი ინფორმაცია, მით უმეტეს, თანხა, სანამ ბანკის წარმომადგენელთან არ გადაამოწმებ შეთავაზების ვალიდურობას.
საფრთხე ყიდვა-გაყიდვის საიტებზე
როგორც გითხარით, ინტერნეტთაღლითობის მეთოდები მრავალფეროვანია და ესეც ამის დასტურია: ყიდვა-გაყიდვის ვებსაიტზე შეიძლება შეხვდე პირს, რომელიც შენი ნივთის შეძენით დაინტერესდება და გეტყვის, რომ თანხას ფულად გზავნილად გირიცხავს. მეტი დამაჯერებლობისთვის, ზოგჯერ ჩეკის ფოტოსაც კი გზავნიან (რა თქმა უნდა, ყალბს) და სახიფათო ბმულის მისამართს ურთავენ.
ბმულის მისამართი რომ ყოველთვის უნდა გადაამოწმო, ეს უკვე გითხარით, მაგრამ აქვე ისიც დაიმახსოვრე, რომ ფულადი გზავნილის მისაღებად არანაირ საიტზე გადასვლა არ გჭირდება: საკმარისია, მხოლოდ ინტერნეტ ან მობილბანკს ეწვიო და გზავნილის კოდი შეიყვანო. არავითარ შემთხვევაში არ გასცე პირადი ინფორმაცია მასზე, ვინც გზავნილის მისაღებად სხვა გვერდზე გადასვლისკენ მოგიწოდებს.
უსაფრთხოების საბაზისო ტექნიკები კიბერთაღლითობის პრევენციისთვის
ინტერნეტთაღლითობის გავრცელებული მეთოდების ჩამოთვლის შემდეგ, მოკლედ შეგახსენებთ უსაფრთხოების საბაზისო ტექნიკებსა და რეკომენდაციებს:
- ნუ გადასცემ პირად მონაცემებს მესამე პირებს
- ნუ გაუზიარებ მობილბანკის და/ან ინტერნეტბანკის მონაცემებს მესამე პირებს
- დარწმუნდი, რომ მონაცემები სანდო საიტზე/აპლიკაციაში შეგყავს
- გამოიყენე მაქსიმალური დაცვა და ჩართე ორფაქტორიანი (2-ფაქტორიანი) ავტორიზაცია: მსგავსი ტიპის დაცვის შესაძლებლობა ბევრ ანგარიშზეა ხელმისაწვდომი. ნუ დაგეზარება ამ პროცედურების გავლა, ეს დამატებითი გალავანია, რომელიც მტრისგან გიცავს
- გააგებინე თაღლითების შესახებ სხვებსაც: დაიცავი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები და ყველა შენ გარშემო. აუხსენი მათ, ვინ არიან თაღლითები და მათგან თავის დაღწევის გზებზეც მოუყევი. მითუმეტეს, თუ ერთი კომპიუტერით ან მოწყობილობით სარგებლობთ, მხოლოდ ერთი ადამიანის სიფრთხილე ნამდვილად არ იქნება საკმარისი
რაც მთავარია, გახსოვდეს, რომ ნებისმიერი საეჭვო შემთხვევისას შეგიძლია საქართველოს ბანკთან გადაამოწმო ცალკეული შეთავაზებისა თუ აქციის რეალურობა და მხოლოდ ოფიციალურად დადასტურების შემდეგ გადადგა შესაბამისი ნაბიჯი.
აქვე გვინდა დავამატოთ უმნიშვნელოვანესი გაფრთხილება: არავის, არავის, საერთოდ არავის არ უთხრა შენი საბანკო ბარათის PIN და CVV კოდი! ეს ინფორმაცია მხოლოდ შენ უნდა იცოდე.
ამ წესების გათვალისწინებით თაღლითებისგან დიდწილად ნამდვილად დაცული იქნები. ამასთანავე, შეგიძლია საქართველოს ბანკის ბარათების დაცვა გაიაქტიურო, რითაც გაუთვალისწინებელი შემთხვევით თანხის დაკარგვისას ანაზღაურებასაც შეძლებ.
➔ დაიცავი შენი კიბერუსაფრთხოება – უფასო ონლაინკურსი ბიზნესებისთვის