ფერადი და ნათელი სივრცე მეტი შემეცნებისთვის, ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობისთვის და ახალი აღმოჩენებისთვის – ეს საქართველოს ბანკის იდეათეკაა. რეგიონში მცხოვრები ბავშვებისთვის შექმნილი სივრცე, რომელიც მოსწავლეების მრავალფეროვან ბიბლიოთეკაზე, შემეცნებისთვის საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებსა და საბაზისო STEM განათლების მისაღებად აუცილებელ რესურსებზე აძლევს წვდომას.
საქართველოს ბანკის იდეათეკის მთავარი მისია ბანკის მთავარ ღირებულებას ეფუძნება – შექმნას განათლების შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, ხელი შეუწყოს მათ გამოავლინონ და აითვისონ საკუთარი პოტენციალი.
“საქართველოს ბანკში გვჯერა ახალგაზრდების, მათი შესაძლებლობების და იმის, რომ განათლება ქმნის უკეთეს მომავალს. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, ისეთ მოსწავლეებს მივცეთ წვდომა შემეცნებით რესურსებზე, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდებათ. ვფიქრობთ, ეს მათ დაეხმარება, მომავლის პროფესიებისადმი ინტერესის გაღრმავებასა და კითხვის შეყვარებაში. სწორედ ამ მიზნით დაიბადა საქართველოს ბანკის იდეათეკების შექმნის იდეა – სივრცის, რომელიც მჯერა, დიდ როლს ითამაშებს ბავშვების უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში”, – აღნიშნავს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
2019 წელს საქართველოს ბანკის ინიციატივით და პარტნიორების ხელშეწყობით პირველი იდეათეკა შეიქმნა. ახლახანს კი ბანკმა რიგით მეოცე იდეათეკა ქალაქ ბოლნისის N5 საჯარო სკოლაში გახსნა.
მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე უკვე საქართველოს 8 რეგიონის 20 სკოლაში ფუნქციონირებს, რომელიც 10 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.
თავდაპირველად, იდეათეკების მიზანს საზღვრისპირა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა წარმოადგენდა. ასე გაიხსნა 10-მდე იდეათეკა. თუმცა, ბავშვებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად, საქართველოს ბანკის გუნდის მისია კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
შედეგად, ბანკის მიზანი ახლა საქართველოს რაც შეიძლება მეტი რეგიონის, მეტი სკოლის მოცვაა. საქართველოს ბანკის იდეათეკები უკვე ფუნქციონირებს ხურვალეთის, დიცის, ფოთის, პანკისის, ზემო ნიქოზის, ახალქალაქის, ოზურგეთის, ამბროლაურის, ჯვრის, ჩოხატაურის, ნაბეღლავის, ერისიმედის, ლამბალოს, უდაბნოს, საბათლოს, თბილისის, მუხრანის, ზუგდიდის, შინდისის და ბოლნისის სკოლებში.
წლის ბოლომდე მათ რიცხვს კი კიდევ რამდენიმე იდეათეკა შეემატება.