Logo
ბლოგი
Time icon

2 წუთი წასაკითხად

წეროვანიდან ტექნოლოგიების მომავალში: ნინის STEM გზა

გაიცანით ნინი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი STEM სკოლიდან. აღმოაჩინეთ, როგორ ეხმარება პრაქტიკული სწავლება მას ტექნოლოგიების სამყაროს შეცნობასა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში.

საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტის – STEM სკოლის პირველი მოდული უკვე დასრულდა. STEM ყოველდღიურობაში გამოსაყენებელი მეცნიერების შესწავლასა და მომავლის პროფესიების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლებაა. რაც ყველაზე მთავარია, გარდა თეორიული გაკვეთილებისა, STEM სკოლაში დიდი დრო ეთმობა პრაქტიკულ დავალებებს. სწორედ ეს უკანასკნელია, რაც STEM სკოლას სხვა სასწავლო პროგრამებისგან გამოარჩევენ.

პირველი გაკვეთილის შემდეგ გაოცებული ვიყავი – ამდენს არ ველოდი. მეგონა, ყურადღება უფრო თეორიულ მასალაზე იქნებოდა გამახვილებული და აქ თანაბრადაა თეორიული და პრაქტიკული მასალა
– ნინი ლომიძე, რომელმაც ახლახან დაასრულა STEM სკოლის პირველი მოდული

ნინი წეროვანში ცხოვრობს. STEM სკოლის შესახებ ინტერნეტის საშუალებით გაიგო. გამოცდა ჩააბარა და იმ მოსწავლეებს შორის მოხვდა, რომლებიც ყოველ შაბათს STEM სკოლის 3-საათიან გაკვეთილებს ესწრებიან. ნინი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია და სრულიად უფასოდაა ჩართული ამ უნიკალურ სასწავლო პროგრამაში.

აღსანიშნავია, რომ ის ერთადერთი არაა, ვინც ამ შესაძლებლობით სარგებლობს: სულ 201 მოსწავლეა STEM სკოლაში და მათგან 63-ს საქართველოს ბანკი სრულად უფინანსებს სწავლას.

უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე, როგორ მუშაობს სხვადასხვა მოწყობილობა, მისი ტექნიკური მხარე. გამოწვევა იყო Arduino Uno-ზე მუშაობა. მაგალითად, შუქნიშნის აწყობა გვინდა – ვწერთ კოდს, ვქმნით ელექტრულ წრედს, ნათურებს ვუერთებთ, ვუშვებთ ამ კოდს და შუქნიშანი ირთვება

Arduino არის ელექტრონული კონსტრუქტორი და პლატფორმა სხვადასხვა სახის ელექტრონული მოწყობილობის შესაქმნელად – დისტანციურად მართვადი რობოტი, ჭკვიანი სახლი და ა.შ.

ნინის თქმით, რაც უფრო მეტს სწავლობს, პროცესი მით უფრო სასიამოვნო ხდება. ყოველი გაკვეთილი რაღაც ახლის აღმოჩენაა. ამბობს, რომ ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება დასვას კითხვები და ერთად განიხილონ საკითხები.

ნინიმ ისაუბრა, რომ რაც STEM სკოლაში სწავლა დაიწყო, განსხვავებული ხედვა და კრიტიკული აზროვნება ჩამოუყალიბდა. სურს, მომავალში ცოდნა გააზიაროს. საკუთარ თავს ტექნოლოგიების სფეროში ხედვას, თუნდაც STEM სკოლის მასწავლებლად, რატომაც არა.

STEM სკოლის მეორე მოდული სექტემბერში დაიწყება და 4 თვე გაგრძელდება. ამ პერიოდში მიღებული ცოდნით მოსწავლეები შეძლებენ ონლაინ შექმნილი სქემების რეალურად აგებას.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს