თანამედროვე მსოფლიოში ხარისხიანი განათლების მიღება შემეცნების, წარმატების, პიროვნული განვითარებისა და ზოგადი კეთილდღეობის საწინდარია. სწორედ ამიტომ ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდები მუდამ ცდილობენ, სხვადასხვა ქვეყნისა თუ წამყვანი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სტიპენდიებით ისარგებლონ და განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრონ.
ასეთი ადამიანების ხელშეწყობა, მათ განათლებასა და დასაქმებაზე ზრუნვა საქართველოს ბანკისთვისაც პრიორიტეტულია. სწორედ ამიტომ საქართველოს ბანკი, სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებს სხვადასხვა პრესტიჟულ პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს.
ამ ბლოგში 3 საერთაშორისო სტიპენდიას გაგაცნობთ, რომელთა მოპოვებაც საქართველოს ბანკის დაფინანსებით არის შესაძლებელი
1. ფულბრაიტის სტიპენდია
ფულბრაიტის სტიპენდია აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა, რომელიც წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში 2-წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლას გულისხმობს.
სტუდენტებს, რომლებმაც ბაკალავრიატის საფეხური უკვე წარმატებით დაასრულეს, შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მაგისტრატურის საფეხური აშშ-ის რომელიმე პრესტიჟულ უნივერსიტეტში გაიარონ.
საქართველოს ბანკის დაფინანსებით ფულბრაიტის პროგრამაში მონაწილეობა 2 წლის განმავლობაში სწავლისა და სამოგზაურო ხარჯების სრულ დაფინანსებას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და ყოველთვიურ სტიპენდიას მოიცავს.
ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროა და კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო აწარმოებს. გაეცანი პროგრამის კონკრეტულ მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს.
2. ჩივნინგის სტიპენდია
ჩივნინგის სტიპენდია იმ მიზანდასახული ახალგაზრდებისთვისაა, რომელთაც დიდ ბრიტანეთში სწავლა სურთ, არ ეშინიათ გამოწვევების და მზად არიან ახალი გამოცდილებებისთვის.
ჩივნინგის სტიპენდიით შესაძლებელია დიდ ბრიტანეთში, სასურველ უნივერსიტეტში მაგისტრატურის 1-წლიან პროგრამაზე სწავლა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკი არამხოლოდ სწავლის, არამედ ყოველთვიური სტიპენდიის, მგზავრობის, დისერტაციის/თეზისის გრანტისა და ვიზის გადასახადის ხარჯებსაც კი აფინანსებს.
ჩივნინგის სტიპენდია დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. მსოფლიოს მასშტაბით სტიპენდიით 118 ქვეყნის წარმომადგენლები სარგებლობენ და მათ შორის საქართველოცაა.
საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან პარტნიორობა 2013 წელს დაიწყო.
კონკურსში მონაწილეობის წესებსა და კრიტერიუმებს შეგიძლია ჩივნინგის პროგრამის ოფიციალურ ვებგვერდზე გაეცნო.
3. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში
Miami Ad School Europe-ის პროგრამა განსაკუთრებულ შესაძლებლობებს სთავაზობს მას, ვინც კრეატიული იდეებისა და უნარების განვითარებისა და დახვეწის გზას ეძებს.
ქართველი კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის, სახელობის სტიპენდიით Art Direction-ის ან Copywriting-ის მიმართულებით გერმანიაში 2-წლიანი პორტფოლიო პროგრამის გავლა 100%-იანი დაფინანსებით არის შესაძლებელი. საქართველოს ბანკის დაფინანსებით პროგრამას უკვე ოთხი სტიპენდიატი ჰყავს და მათი რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
საქართველოს ბანკი კიდევ ბევრ საინტერესო პროექტს გთავაზობთ. ყველა საგანმანათლებლო შესაძლებლობას ერთ სივრცეში შეგიძლია გაეცნო ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
გეგმავ აშშ-ში სწავლას? აღმოაჩინე, როგორ შეავსო ფულბრაიტის აპლიკაცია, რა შეცდომებს უნდა მოერიდო და როგორ მიიღო სრული დაფინანსება ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში.
გაიგე, როგორ მოხვდნენ ქართველი სტუდენტები ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში ფულბრაიტის სრული დაფინანსებით. აღმოაჩინე მათი გამოცდილება და მიიღე პრაქტიკული რჩევები განაცხადის შესავსებად.
გაიგე, როგორ შეავსო ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის აპლიკაცია. მარიამ ჟორჟოლიანი გიზიარებს Personal Statement-ის, Study Plan-ის და უნივერსიტეტის შერჩევის საიდუმლოებებს.