ჰარვარდის ქეისები: გამარჯვებულის გამოცდილება და რჩევები
როგორ მოიგო თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი? გამარჯვებული ლიდერი გვიზიარებს გუნდური მუშაობისა და პრაქტიკული ცოდნის გადამწყვეტ როლს წარმატებაში.
ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსი წელს მეოთხედ გაიმართა. მასში 12 უნივერსიტეტის 400-მდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. კონკურსი საქართველოს ბანკისა და TBSC კონსალტინგის ორგანიზებით იმართება და სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ანალიტიკური, შემოქმედებითი და ბიზნეს უნარები გამოავლინონ. კონკურსის გამარჯვებული გუნდის სპიკერის, ნიკა მეტრეველის თქმით, ამ კონკურსში ყველაფერი დამოკიდებულია გუნდურობაზე.
“გუნდურობის გარეშე ამაზე ფიქრიც კი შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი წარმატების განმსაზღვრელიც იყო არა ინდივიდუალური ძალისხმევა და ოსტატობა, არამედ გუნდური მუშაობა. მანქანასავით იყო ეს ყველაფერი აწყობილი”.
გამარჯვებულები თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტები არიან. ჰარვარდის ბიზნესქეისების კონკურსამდე თურქეთში გამართულ სხვა ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც გამარჯვება ვერ მოიპოვეს. სწორედ ამიტომ, ამ კონკურსში პირველი ადგილის მოპოვება მათ მიზნად იქცა.
“ყველას გვქონდა სურვილი, რომ ის, რაც ვერ გავაკეთეთ თურქეთში, გვეცადა და აქ გაგვემარჯვა. არ ყოფილა გუნდში პასუხისმგებლობების ამბავი გამიჯნული. ძირითადად, ფინანსური და სტრატეგიული გადაწყვეტილება გვქონდა მისაღები და ერთად ვმუშაობდით. ჩვენ ყველა ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ვიყავით და ამან ძალიან შეგვიწყო ხელი”.
აღნიშნავს, რომ პირველ ტურში მოპოვებულმა წარმატებამ გუნდი მოადუნა და ფინალში მოსახვედრად გაცილებით დიდი ძალისხმევა დასჭირდათ. ამას, როგორც გამოცდილებას, ისე უყურებს.
“პირველი ეტაპი ძალიან კარგი გამოგვივიდა, უმაღლესი ქულები მივიღეთ და მეორე რაუნდში ცოტა გავთამამდით, ნახევარფინალში ძლივს გავედით. ერთ ქეისზე სამ ჟიურისთან სამი განსხვავებული პრეზენტაცია ჩავატარეთ. ვიწვალეთ ფინალში გასვლისთვის და ამან გამოგვაფხიზლა, ცივი შხაპივით იყო. პროცესში ძალიან ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა იყო და ეს ძალიან მაგარი იყო. ფინალზე რომ გავდიოდით, შევჯერდით, რომ ისეთი გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, რითიც ან პირველი ადგილით დავასრულებდით კონკურსს, ან ბოლოთი და ამან გაამართლა”.
რაც შეეხება ფინალურ ქეისზე მუშაობის პროცესს, ამისთვის გუნდი კვირაში რამდენიმე საათს ხარჯავდა. ბოლო კვირას კი ყოველდღე იკრიბებოდნენ და ინტენსიურად მუშაობდნენ. ნიკას თქმით, ამ კონკურსის მთავარი ხიბლი ის არის, რომ სტუდენტებს ეხმარება, უნივერსიტეტებში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ და საკუთარი თავი განსხვავებულ გარემოში გამოცადონ.
“ვინც ამ კონკურსზე გასვლას ფიქრობ, რჩევას მივცემ, რომ რაუნდების განმავლობაში რაც უფრო წინ წავა, უფრო მეტად იფიქროს საკუთარ განვითარებაზე. ეს ძალიან დაეხმარება ქეისების გადაწყვეტის მოფიქრებაში. ვინც არც ფიქრობს გასვლას, ვურჩევდი, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდეს იმიტომ, რომ საერთოდ სხვა გამოცდილებას მიიღებს. არ არის აუცილებელი, რომ გაიმარჯვო. პირველივე რაუნდში იმხელა გამოცდილებას მიიღებენ, რომ ეს გამოცდილება ღირს ცდად”.
ბაკალავრიატის საფეხური წელს დაამთავრა. მენეჯმენტის მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოპოვებას ჯერ საქართველოში აპირებს, შემდეგ — საზღვარგარეთ. ამბობს, რომ ჟიურის წევრების სხვადასხვა ტიპის გამოცდილება და შესაბამისად, განსხვავებული კითხვები გუნდის ხედვის გასამრავალფეროვნებლად ძალიან კარგი შესაძლებლობა იყო.
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შესაქმნელად და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივასა და პროექტს ახორციელებს. ჰარვარდის სკოლის ბიზნესქეისების კონკურსი კი ერთ-ერთია განათლებასა და განვითარებაზე ორიენიტირებულ პროექტებს შორის.
აღმოაჩინე 2026 წლის სტიპენდიები, სწავლის დაფინანსება და პროექტები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. გაიგე, როგორ მოიპოვო დაფინანსება.
ეძებ სამსახურს, რომელსაც სწავლასთან შეათავსებ? აღმოაჩინე ლიდერატორი, 8-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოს ბანკში, რომელიც კარიერის დაწყებაში დაგეხმარება
გაიგეთ, როგორ შეუწყო ხელი საქართველოს ბანკმა 300,000-ზე მეტი ადამიანის განვითარებას 2025 წელს. აღმოაჩინეთ სკოლის, უნივერსიტეტისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები.