საქართველოს ბანკისთვის განათლება და ნიჭიერი, პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდაჭერა პრიორიტეტული მიმართულებაა. სწორედ ამიტომ კომპანია ამერიკის შეერთებული შტატების სამაგისტრო-სასტიპენდიო პროგრამის, ფულბრაიტის, თანადამფინანსებელი 2014 წლიდან გახდა. ამ დროის განმავლობაში საქართველოდან არაერთი საინტერესო და ნიჭიერი სტუდენტი გაემგზავრა ამერიკაში, მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად.
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული ეკატერინე ჭონიშვილი გახდა, რომელიც ორეგონის შტატში, Oregon State University-ში, ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გააგრძელებს სწავლას.
ეკატერინემ გაგვიზიარა საკუთარი გამოცდილება ფულბრაიტის გზაზე და რჩევები მომავალი კონკურსანტებისთვის.
ეკატერინე პროფესიით ფიზიკოსია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, იქამდე კომაროვის სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო. სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა სამეცნიერო კონფერენციებში, შემდეგ კი სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობდა და საინტერესო გამოცდილება დააგროვა პროგრამირების მიმართულებით.
ამჟამად ხელოვნური ინტელექტით არის დაინტერესებული და ფულბრაიტში მონაწილეობაც საკუთარი ინტერესებისა და ცოდნის განვითარებისთვის გადაწყვიტა
“ფულბრაიტის პროგრამის შესახებ ინფორმაცია ადრეც მქონდა, თუმცა უშუალოდ აპლიკაციის შევსება და მონაწილეობის მიღება შარშან პირველად გადავწყვიტე, აპლიკაცია მოცულობითია, საჭირო იყო სამოტივაციო წერილი, რეკომენდატორების მოძიება, უნივერსიტეტების შერჩევა. ფულბრაიტი სრულად შეესაბამება ჩემს მიზნებსა და სურვილებს, ამიტომ ყველა ეს საჭირო პროცედურა დიდი მოტივაციით და პასუხისმგებლობით გავიარე”.
კონკურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა უნივერსიტეტების შერჩევაა, თუმცა ფულბრაიტის კომისია, საბოლოოდ, თავად იღებს გადაწყვეტილებას, რომელ უნივერსიტეტებში გაანაწილებს გამარჯვებულებს:
“ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არჩეული უნივერსიტეტი ყოფილიყო კონკურენტუნარიანი. ჯერ კიდევ კომაროვის სკოლაში, სადაც კონკურენცია და სისტემატური გამოცდები ყოველდღიური რეალობა იყო, შევეჩვიე აქტიურ შრომასა და ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს. უნივერსიტეტების შერჩევისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი მათ კავშირს ინდუსტრიასთან. ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩემთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ აკდემიური განთლება და თეორიული ცოდნა, არამედ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების რეალური შესაძლებლობები”.
ეკატერინე ამერიკაში სწავლის შემდეგ გეგმავს, საქართველოში დაბრუნდეს და შეძენილი გამოცდილებით ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესში შეიტანოს საკუთარი წვლილი:
“მსურს მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენო ამერიკაში სწავლის პერიოდი. გარდა ამისა, დამოუკიდებლად ცხოვრება, ახალი კულტურა და ახალი ადამიანები, ვფიქრობ, მნიშვნელოვან გამოცდილებას მომცემს. საქართველოში ბოლო წლებია, რაც ხელოვნური ინტელექტი ფეხს იკიდებს. ჩემი უმთავრესი მიზანია, საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩავერთო ადგილობრივ პროფესიულ გარემოში და ხელი შევუწყო AI-ის ინტეგრაციას სხვადასხვა სფეროში”.
ეკატერინემ რჩევებიც გაუზიარა მომავალ ფულბრაიტელებს, რომლებიც შესაძლოა ჯერ ვერ ბედავენ აპლიკაციის შევსებას:
“არაფერია შეუძლებელი. ყველას ვურჩევდი, რომ აპლიკაციის შევსებამდე კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ საკუთარ მიზნებზე გულწრფელად. გულწრფელობა დიდ კონკურენციაში გამარჯვების მთავარი იარაღია. ამის შემდეგ კი მაქსიმალურად დიდი დრო დაუთმონ პროცესს, იფიქრონ სიღრმისეულად თითოეულ შეკითხვაზე, დეტალურად აღწერონ საკუთარი გამოცდილება და მომავალი მიზნები”.
თუ შენც გინდა, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლო სამაგისტრო პროგრამაზე, განვითარდე, გაიცნო ახალი კულტურა და აკადემიური სივრცე, აუცილებლად სცადე და შეავსე აპლიკაცია. გაეცანი შესაძლებლობებს ganatleba.bog.ge-ზე , რომლებსაც საქართველოს ბანკი ქმნის საზღვარგარეთ სწავლისთვის და შეავსე აპლიკაცია. შენი მიზნებისკენ გზაზე არ გაჩერდე, შესაძლოა, მალე, როგორც კონკურსის გამარჯვებულმა, თავად გაუზიარო სხვებს რჩევები.