Logo
ბლოგი
Time icon

3 წუთი წასაკითხად

ისწავლე დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით - გაიგე როგორ

გაარკვიე, როგორ ისწავლო დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით ჩივნინგის სტიპენდიით. მიიღე დეტალური ინფორმაცია აპლიკაციის, მოთხოვნების, დედლაინების და წარმატების გასაღებების შესახებ. შენი შანსი გელოდება!

საკითხები

თუ მიზანდასახული ხარ და სწავლის, განვითარების დაუოკებელი ჟინი მოსვენებას არ გაძლევს, ჩივნინგის სტიპენდია სწორედ შენთვისაა. წინ დიდ ბრიტანეთში გატარებული თავგადასავლებით სავსე ერთი წელი გელის.


ჩივნინგი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამაა, რომელიც შეუჩერებელ ადამიანებს ეძებს და აძლევს შესაძლებლობას, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლონ.

ნახე საუკეთესო ბრიტანული უნივერსიტეტები, სადაც ჩივნინგის სტიპენდიით შეგიძლია სწავლა.

10 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბანკი ჩივნინგის პროგრამის პარტნიორია. საქართველოს ბანკის სტიპენდიატებს კი სწავლასთან ერთად ცხოვრების, ვიზის, გამგზავრების და ყველა სხვა საჭირო ხარჯიც უფინანსდებათ.

გაეცანი 5 მიზეზს, რატომ უნდა ჩაერთო ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაში.

ჩივნინგის აპლიკაციის შევსება

2026-2027 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების შევსების დედლაინი 7 ოქტომბერია. თუ გაინტერესებს ბრიტანეთში სწავლა, შეგიძლია აპლიკაცია ამ ბმულზე შეავსო. პროცესი რომ გაგიმარტივდეს, გაეცანი ხშირად დასმულ კითხვებსა და მიღების კრიტერიუმებს.

ვის შეუძლია ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის შეტანა?

აპლიკაციის შევსება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც:

  • აქვს ბაკალავრის ხარისხი
  • დაგროვებული აქვს 2800 საათიანი სამუშაო გამოცდილება
  • აქამდე არ უსწავლია დიდ ბრიტანეთში და არ მოუპოვებია დიდი ბრიტანეთის მთავრობის სტიპენდია

პროგრამას არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა. მონაწილეობის მიღება იმ შემთხვევაშიც შეგიძლია, თუ მაგისტრის ხარისხი უკვე გაქვს.

რა უნდა გავითვალისწინო აპლიკაციის შევსებისას?

აპლიკაციის კითხვები ეხება როგორც ზოგად ინფორმაციას, ისე შენს უნარებს, მიზნებსა და მოტივაციას. აპლიკაციის შევსებამდე სამაგისტრო კურსები უკვე არჩეული უნდა გქონდეს, რათა შენი გამოცდილება და სამომავლო მიზნები დააკავშირო, რასაც ჟიურის მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა. აპლიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია ესეები, რომლებშიც მკაფიოდ უნდა გამოავლინო შენი ლიდერული თვისებები და კარიერული მიღწევები. რადგან აპლიკაცია საკმაოდ ვრცელი და შრომატევადია, უმჯობესია, დროის ფაქტორიც წინასწარ გაითვალისწინო.

გაეცანი 2024 წლის სტიპენდიატების გამოცდილებას, ნახე ჩივნინგის 2023 წლის სტიპენდიატების რჩევებიც.

რა ეტაპები უნდა გავიარო სტიპენდიის მოპოვებამდე?

მას შემდეგ, რაც ვერიფიკაციას გაივლი და დაადასტურებ, რომ კონკურსში მონაწილეობის პირობებს აკმაყოფილებ, აპლიკაციის შევსებაზე ნებართვას მიიღებ. აპლიკაციის შევსებამდე არჩეული უნდა გქონდეს სამაგისტრო კურსები, რომელთა შესახებ შეკითხვებს უნდა უპასუხო.

აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ინტერვიუს შესახებ დაგიკავშირდებიან. ინტერვიუს ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, არჩეული უნივერსიტეტებიდან მინიმუმ ერთ-ერთის თანხმობა უნდა წარმოადგინო.

რა არის უპირობო შეთავაზება და მჭირდება თუ არა ყველა უნივერსიტეტიდან, რომელიც აპლიკაციაში მივუთითე?

უპირობო შეთავაზება (Unconditional Offer) ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ოფიციალურად უკვე მიღებული ხარ და ყველა მოთხოვნა შესრულებულია. თუმცა, არ არის აუცილებელი, რომ აპლიკაციის შევსების პროცესში უკვე იცოდე, მიგიღო თუ არა რომელიმე უნივერსიტეტმა.

ჩივნინგის სტიპენდიის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ერთი უპირობო შეთავაზება რომელიმე უნივერსიტეტისგან. ზოგი უნივერსიტეტი სტუდენტებთან აგზავნის მოწვევას დათქმებით, მაგალითად, რომ კონკრეტულ ვადამდე წარადგენს ინგლისურის სერტიფიკატს ან სხვა საბუთებს.

სტიპენდიის მოსაპოვებლად ინგლისური უნდა ვიცოდე?

ჩივნინგის ინგლისური ენის მოთხოვნა 2020 წელს გაუქმდა, თუმცა მოგიწევს დააკმაყოფილო შენ მიერ შერჩეული უნივერსიტეტების ყველა მოთხოვნა, რათა მიიღო მოწვევა. მოთხოვნებში კი ხშირ შემთხვევაში მითითებულია ინგლისურის საერთაშორისო გამოცდის სერტიფიკატი.

რას უნდა მიაქციო ყურადღება უნივერსიტეტის არჩევისას?

პირველ რიგში, ისეთი სამაგისტრო კურსები უნდა შეარჩიო, რომლებიც შენს გამოცდილებასა და სამომავლო კარიერულ მიზნებს შეესაბამება; სულ 3 კურსი, რომლებიც შეიძლება ერთ ან სხვადასხვა უნივერსიტეტში ისწავლებოდეს. აუცილებელია, რომ კურსების მოთხოვნებს აკმაყოფილებდე და დარეგისტრირება დედლაინის ფარგლებში შეძლო. კურსების ჩამონათვალი ამ ბმულზეა.

რა შეცდომები არ უნდა დავუშვა?

  • ნუ გაიმეორებ სამუშაო გამოცდილებას. ერთი და იგივე სამუშაო გამოცდილების რამდენჯერმე მითითება დამატებით საათებად არ ჩაითვლება.
  • ნუ მიუთითებ ერთსა და იმავე კურსს რამდენჯერმე. ერთი კონკრეტული კურსის 2-ჯერ ან 3-ჯერ მითითება შენს კანდიდატურას კონკურსიდან მოხსნის.
  • არ გადააჭარბო სიტყვების ლიმიტს. ესე უნდა შეიცავდეს მაქსიმუმ 500 სიტყვას.
  • მოერიდე პლაგიატს და AI-ის გამოყენებას. კონკურსის პირობების მიხედვით, ეს დაუშვებელია.

თუ არ მაქვს ორწლიანი სამუშაო გამოცდილება, მაგრამ მექნება, როცა ჩემი კურსი დაიწყება, მაინც შემიძლია განაცხადის გაგზავნა?

ორწლიანი სამუშაო გამოცდილება სტიპენდიის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. სამუშაო გამოცდილება განაცხადის შევსების მომენტისთვის უკვე მიღებული უნდა გქონდეს. გამოცდილებაში მოიაზრება როგორც სრული და ნახევარი განაკვეთის სამსახურები, ისე მოხალისეობრივი საქმიანობა ან სტაჟირება, ყველაფერი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ.

შეიძლება დავრჩე სწავლის დასრულების შემდეგ?

ჩივნინგის მოთხოვნის მიხედვით, სტიპენდიატმა მიღებული ცოდნა და გამოცდილება საკუთარი ქვეყნის განვითარებისთვის უნდა გამოიყენოს. ამიტომ, წესებისა და პირობების მიხედვით, ყველა სტიპენდიატი ვალდებულია, სწავლის დასრულებიდან 2 წლის ვადაში დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში.

ჩივნინგის სტიპენდია უნიკალური და ყველასთვის საოცნებო შანსია. მთავარია, არ იფიქრო, რომ კონკურენცია დიდია.

სწავლის ჟინმა განათლების გზაზე გაჩერება არ იცის. ამიტომ, აუცილებლად გადადი ბმულზე დეტალების გასაცნობად და გაგზავნე აპლიკაცია 7 ოქტომბრამდე.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს