გახდი ქუჩის არტისტი: აღმოაჩინე ნიკო მაღლივის ფესტივალი
აღმოაჩინე ნიკო მაღლივის ფესტივალი, სადაც ახალგაზრდა ხელოვანები ქალაქის კედლებს აცოცხლებენ. შეიტყვე, როგორ გაანდო შენი ხედვა საზოგადოებას საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.
ის ადგილები, რომლებსაც ყოველ დილას, ხანდახან უყურადღებოდაც, ჩავუვლით, სადაც ვსწავლობთ, ვხვდებით მეგობრებს და რომლებთანაც ბევრი, ზოგჯერ ტკბილ-მწარე, მოგონება გვაკავშირებს – სულ რაღაცას გვიყვებიან. ჩვენც მუდმივად გვაქვს მათთვის სათქმელი, თუნდაც მხოლოდ გულის სიღრმეში.
სწორედ ამ დიალოგის გაცოცხლებას და ახალი ხმების აღმოჩენას ისახავს მიზნად საქართველოს ბანკისა და ნიკო მაღლივის ფესტივალის პარტნიორობა. პროექტი ახალგაზრდა ხელოვანებს სთავაზობს პლატფორმას და შანსს, საკუთარი ურბანული ხედვა საზოგადოებას გაანდონ და ქალაქის ცოცხალ, დინამიკურ ხელოვნებაში თავისი სიტყვა თქვან.
მოძრაობა, რომელიც ქალაქს ცვლის
ნიკო მოძრაობაა, რომელიც არაერთ ცნობილ ქართველ და უცხოელ ქუჩის ხელოვანს აერთიანებს. Dante Mdante, მაშოლენდი, მუსია ქებურია, TAMOONZ – ეს იმ არტისტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მოძრაობამ ურბანული სივრცის გამოსაცოცხლებლად შეკრიბა.
ესმოძრაობა ნიკოს პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ღია საკონკურსო ფესტივალის მიზანი ახალბედა ხელოვანების აღმოჩენა და მათი შემოქმედებითი ენერგიის ქალაქის ქუჩებთან დაკავშირებაა.
ნიკო მაღლივი: ისტორია და მონაწილეები
ფესტივალი ნიკო მაღლივი 2019 წელს დაიწყო და ხუთი წარმატებული სეზონის განმავლობაში თბილისის ურბანულ სივრცეს არაერთი გამორჩეული ქუჩის ტილო შემატა.
თუმცა, პროექტი ფესტივალზე ბევრად მეტია. სწორედ მაღლივის კედლები გახდა ის სივრცე, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგეს ახალგაზრდა არტისტებმა, მათ შორის არიან: Pablo, Ksyu, Kelbera, ნინა ხურცილავა, Wise, Jokonda, ნინუკა, ირაკლი ტოკლიკიშვილი, სალი ნიკოლაიშვილი, ოთო მიქაძე და Koska.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი მონაწილე, პაბლო, დღეს უკვე თავად უზიარებს გამოცდილებას ახალ თაობას და პროექტის მენტორის როლს ითავსებს.
ფესტივალის შესარჩევი ეტაპი
ფესტივალი თსუ-სთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მის ფარგლებში მაღლივის ბიბლიოთეკის გარე ფასადი, 750 კვადრატული მეტრი ფართობით, მონაწილეების შემოქმედებით ამეტყველდება.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ახალგაზრდა ხელოვანს, რომელსაც მონუმენტური მხატვრობა აინტერესებს. შესარჩევ ეტაპზე ხელოვანმა უნდა წარადგინოს ესკიზი, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში კედლის ტილოდ აქცევს.
კონკურსიდან პრაქტიკამდე
ფესტივალის ფარგლებში ახალბედა ხელოვანები უპრეცედენტო ცოდნასა და გამოცდილებას შეიძენენ:
იმუშავებენ რეალურ მონუმენტურ პროექტზე;
პრაქტიკაში შეისწავლიან, როგორ იქცევა ჩანაფიქრი სრულფასოვან სტრიტარტად;
გადადგამენ პირველ ნაბიჯებს ქუჩის ხელოვნების სფეროში.
ესკიზიდან დასრულებულ ნამუშევრამდე
წელს, კონკურსის ისტორიაში პირველად, ნიკო მაღლივის გამარჯვებულები საკუთარ შემოქმედებით ხედვასა და წარდგენილ ესკიზებს ჩაღრმავებული სასწავლო მოდულის ფარგლებში სრულყოფენ.
მონაწილეებს ესკიზების დახვეწასა და სივრცეზე მორგებაში ხელოვნების ისტორიკოსი და თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, სოფიო კოლხიდაშვილი დაეხმარება. ხოლო მათ მენტორობას ნიკო მაღლივის ერთ-ერთი პირველი მონაწილე, გამოცდილი მხატვარი პაბლო (გიორგი კალანდარიშვილი) გაუწევს.
ვორქშოფების ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან:
მასალებთან მუშაობის ტექნიკას;
კომპოზიციისა და სიმეტრიის პრინციპებს;
მონუმენტურ მხატვრობაზე მუშაობის სპეციფიკას.
და ბოლოს…
ნიკო მაღლივის მთავარი ხიბლი მის დინამიკაშია. 15 კედელი ყოველ წელს თითქოს ახლიდან იბადება, რომ ახალ არტისტებს მისცეს შანსი, ქალაქს საკუთარი შტრიხი შემატონ.
იმისთვის, რომ ქართველი ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის შესახებ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეიტყოს, პროექტის მთელი მიმდინარეობა – ვორქშოფები, ხატვის პროცესი და შეხვედრები – აქტიურად გაშუქდება სოციალურ ქსელებში.
აღმოაჩინე 2026 წლის სტიპენდიები, სწავლის დაფინანსება და პროექტები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. გაიგე, როგორ მოიპოვო დაფინანსება.
გაიგეთ, როგორ შეუწყო ხელი საქართველოს ბანკმა 300,000-ზე მეტი ადამიანის განვითარებას 2025 წელს. აღმოაჩინეთ სკოლის, უნივერსიტეტისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები.