2 წუთი წასაკითხად
ნინის ჟინი და 'იწროს' ფერადი ისტორია: არასდროს დანებდე
აღმოაჩინე „იწროს“ ფერადი სამყარო და მეწარმე ნინის შთამაგონებელი გზა. გაიგე, როგორ დანებების გარეშე, ბიზნესი სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით.
18 ნოე. 2025
2 წუთი წასაკითხად
რა უნდა ქნა, როცა უარს გეუბნებიან? ნინი მამასახლისისთვის, ქართული ხელნაკეთი ჩანთების ბრენდის, „იწროს“ (Itsro) დამფუძნებლისთვის, პასუხი მარტივია: იმუშაო უფრო მეტი და სცადო თავიდან.
სწორედ ეს შეუპოვარი სულისკვეთებაა ჩაქსოვილი მის თითოეულ ფერად ჩანთაში. ნინი იმ მეწარმე ქალების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებმაც საქართველოს ბანკის, UNDP-ის, შვედეთის მთავრობისა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ერთობლივ პროექტში, “მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში” მიიღეს მონაწილეობა და თავიანთი ბიზნესი სულ სხვა სიმაღლეზე აიყვანეს.
ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როცა ნინის გაუჩნდა სურვილი, ადამიანების ყოველდღიურობა უფრო ხალისიანი და ფერადი გაეხადა.
ვიცოდი, რომ ეს ტანსაცმელი არ იქნებოდა, რადგან ყველას არ მოსწონს ჭრელი სამოსი – მაგრამ ფერადი, პრაქტიკული აქსესუარი ისეთი რამაა, რითიც ყველას შეუძლია ისამოვნოს
ასე დაიბადა „ემოციური, ექსპრესიული და პრაქტიკული“ ჩანთების ხაზი.
ნინისთვის მხოლოდ პროდუქტის შექმნა საკმარისი არ აღმოჩნდა. მისთვის მნიშვნელოვანია მომხმარებელთან პირადი კავშირი, ამიტომ ყოველთვის ისმენს მათ რჩევებს და ახალ მოდელებსაც სწორედ ამ გამოხმაურების საფუძველზე ქმნის.
ბევრი დამწყები მეწარმის მსგავსად, ნინისთვისაც მთავარი გამოწვევა შეზღუდული რესურსები იყო. ის ბიზნესში მარტო იყო – ერთდროულად დიზაინერი, მკერავი, წარმოების მენეჯერი და მარკეტერი. ამ სირთულეების ფონზე, მან „მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში“ შეიტანა განაცხადი, თუმცა პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
ამ გამოცდილებამ მოტივაცია მომცა, უფრო მეტი მემუშავა, მეტი მესწავლა და როგორც საკუთარი თავი, ასევე ჩემი ბიზნესი განვითარების ახალ საფეხურზე გადამეყვანა. წელს კი კვლავაც შევიტანე განაცხადი და მიხარია, რომ მიმიღეს. ჩემთვის ეს პირადი შეხსენებაა, რომ ჟინი ყოველთვის ფასდება და არასდროს უნდა დანებდე
კრეატივიდან სტრატეგიამდე: რა შეცვალა მეწარმე ქალების პროგრამამ?
ნინის თქმით, პროგრამა მისთვის „ტრანსფორმაციული გამოცდილება“ აღმოჩნდა, რომელმაც ბიზნესის მართვის ახალი პერსპექტივა მისცა.
რაც მთავარია, ამ ვორკშოპებმა გააფართოვა ჩემი ხედვა – ახლა ჩემს საქმეს არა მხოლოდ კრეატიულად, არამედ სტრატეგიულადაც ვუყურებ
სტრატეგიული დაგეგმვის, ფინანსების მართვისა და ბრენდინგის შესახებ მიღებული ცოდნა პირდაპირ აისახა მის სამომავლო გეგმებზე. დღეს ნინი წარმოების გაფართოებას, ახალი პროდუქტების შექმნასა და ონლაინ გაყიდვების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ამასთან, სურს, მეტი აქსესუარი შექმნას გადამუშავებული ქსოვილებით და განაგრძოს ნულოვანი ნარჩენების პრინციპით მუშაობა.
ნინისა და „იწროს“ ისტორია იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფერადი ჩანთების ამბავი. ეს არის ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მიზანდასახულობამ და შეუპოვრობამ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოს. ეს ამბავი შთაგონებაა ყველასთვის, ვისაც წარუმატებლობის გამო ერთი წამით მაინც დაუკარგავს მოტივაცია.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნინიმ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმა ბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლო რესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. გადადი ბმულზე და აღმოაჩინე მეტი.