Logo
ბლოგი
Time icon

5 წუთი წასაკითხად

ფულბრაიტი: როგორ ვისწავლო აშშ-ში სრული დაფინანსებით?

საბაკალავრო საფეხურის დამთავრების შემდეგ აშშ-ში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელება დღეს ისეთი წარმოუდგენელი რეალობა სულაც არ არის, როგორიც წლების წინ იყო. უფრო მეტიც, აშშ-ის სასურველ უნივერსიტეტში სწავლა, სტიპენდიის მოპოვება და ყველა სხვა ხარჯის ანაზღაურებაც შესაძლებელია, თუ ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობას გადაწყვეტ.

ფულბრაიტი, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, აშშ-ის მთავრობის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული და გლობალური სტუდენტური პროგრამაა. ფულბრაიტის პროგრამა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ სტუდენტებს ყოველწლიურად აძლევს შესაძლებლობას, რომ აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სწავლა გააგრძელონ.

ნიჭიერი ახალგაზრდების გამოსავლენად საქართველოს ბანკი ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში 2014 წლიდან ჩაერთო. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მხრიდან სრულად ფინანსდება 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც ყველა ძირითადი ტიპის ხარჯს მოიცავს.

საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება ფულბრაიტში მონაწილე ყველა იმ წარმატებულ სტუდენტს შეუძლია, რომელიც დაინტერესებულია აშშ-ში სწავლა ბიზნესის ადმინისტრირების, STEM (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა) ან სხვა მიმართულებით განაგრძოს.

2026-2027 წლის ფულბრაიტის პროგრამის სასტიპენდიო კონკურსი უკვე გამოცხადდა და მონაწილეობის მისაღებად 1 ივლისამდე უნდა შეავსო აპლიკაცია. ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო ახორციელებს. გაეცანი აპლიკაციის მოთხოვნებს და წესებს და შეავსე აპლიკაცია.

ვის შეუძლია ფულბრაიტის პროგრამაში მონაწილეობა

ფულბრაიტის პროგრამა ღია კონკურსია, ამიტომ მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, ვისაც მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელება აშშ-ში სურს. ამისთვის კი საჭიროა, კონკურსში მონაწილეობის მსურველს საბაკალავრო საფეხური დასრულებული ჰქონდეს. მეოთხეკურსელებს დიპლომის ნაცვლად ხარისხის მინიჭების შესახებ ცნობის წარდგენა შეუძლიათ. კონკურსში მონაწილეობის მიღება ასევე შეუძლიათ იმ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოში უკვე სწავლობენ მაგისტრატურის საფეხურზე, თუმცა სურთ, რომ აშშ-ში სამაგისტრო საფეხურზე სწავლა თავიდან დაიწყონ.

როგორია აპლიკაციის  შევსების  პროცესი

ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამის აპლიკაცია საკმაოდ ვრცელია და სხვადასხვა დოკუმენტის ატვირთვასაც ითხოვს. ამიტომ, როცა აპლიკაციის შევსებას დაიწყებ, მზად იყავი, რომ წინ საკმაოდ შრომატევადი საქმე გელის. ამ საქმეს ფულბრაიტის სტიპენდიატის, მარიამ ჟორჟოლიანის რჩევები გაგიმარტივებს.

აპლიკაციის შესავსებად კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ანგარიში უნდა გახსნან და დარეგისტრირდნენ როგორც მომხმარებელი. სწორედ ამის შემდეგ იწყება აპლიკაციის შევსება. აპლიკაცია საკმაოდ ვრცელია და რამდენიმე გვერდისგან შედგება. აპლიკაციაში ყველა დოკუმენტი ონლაინ იტვირთება, ამიტომ ცალკე დოკუმენტების გაგზავნა არ არის საჭირო. აპლიკაციის შევსება ერთი ამოსუნთქვით შეუძლებელია, სულ ცოტა რამდენიმე დღე სჭირდება და ყოველი გვერდის შევსების შემდეგ აპლიკანტები ინფორმაციას სისტემაში იმახსოვრებენ, შემდეგ კი ისევ აგრძელებენ შევსებას. შეფასებისას ყველა დეტალს ექცევა ყურადღება, ამიტომ სტუდენტებმა აპლიკაცია დაკვირვებით უნდა შეავსონ და მნიშვნელოვანი ადგილები არ უნდა გამოტოვონ. ასევე, აპლიკაციაში ელექტრონულად უნდა აიტვირთოს ისეთი დოკუმენტები, როგორებიცაა დიპლომი, ცნობა მეოთხეკურსელებისთვის, ნიშნების ფურცელი და ა.შ. გარდა ამისა, აპლიკანტს თუ ერთზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში უსწავლია, ეს ნიშნებიც უნდა ატვირთოს. თუ აპლიკანტს რომელიმე გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ უსწავლია, თუნდაც ერთი სემესტრი, ეს ნიშნების ფურცელიც აუცილებლად უნდა აიტვირთოს.
– პროგრამის კოორდინატორი

რას უნდა მიაქციო ყურადღება აპლიკაციის  შევსებისას

გარდა იმისა, რომ აპლიკაციის ყველა შეკითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემაა საჭირო, აპლიკანტებს ასევე მოეთხოვებათ სამომავლო გეგმებთან და აშშ-ში სწავლასთან დაკავშირებით ესეს სახით კონკრეტულ კითხვებს უპასუხონ. კითხვები ძირითადად ეხება:

  • თუ რის სწავლას აპირებენ აპლიკანტები აშშ-ში
  • რა არის მაგისტრატურაში სწავლის მიზანი
  • რისი მიღწევა უნდათ
  • დაბრუნების შემდეგ იქ მიღებულ ცოდნას საქართველოში როგორ გამოიყენებენ

აპლიკაციის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწილი კი რეკომენდაციებია.

აპლიკაციიდან თავად მონაწილე არეგისტრირებს 3 რეკომენდატორს, რომლებსაც მეილზე მიუვათ შეტყობინება იმის შესახებ, რომ რეკომენდაციას სთხოვენ. რეკომენდაციის შევსების შემდეგ მონაწილეს მისდის შეტყობინება, რომ რეკომენდაცია ატვირთულია. რეკომენდაციას აპლიკანტი ვერ კითხულობს, მაგრამ იმის ნახვა შეუძლია, რეკომენდაცია ატვირთულია თუ არა. ამიტომ აპლიკაციის გამოგზავნამდე კონკურსანტები უნდა დარწმუნდნენ, რომ სამივე რეკომენდაცია ატვირთულია. თუ ერთი რეკომენდაცია მაინც აკლია, აპლიკაცია არასრულად ჩაითვლება.
– ამბობს პროგრამის კოორდინატორი

გარდა ამისა, ზოგიერთი მიმართულება როგორებიცაა, მაგალითად, სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა, ჰუმანიტარული მეცნიერებები და სხვა, აპლიკანტისგან აკადემიური ნაშრომის ნიმუშის ინგლისურ ენაზე ატვირთვასაც ითხოვს. ეს შეიძლება იყოს სადიპლომო ნაშრომი ან კონფერენციისთვის დაწერილი ნამუშევარი, რისი ატვირთვის მიზანიც იმის ნახვაა, აპლიკანტს აკადემიური წერა რამდენად კარგად შეუძლია. თუ ნაშრომი აპლიკანტს ქართულ ენაზე აქვს შესრულებული, თავად უნდა თარგმნოს რამდენიმე გვერდი ინგლისურად და ისე ატვირთოს.

რას უნდა მიაქციო ყურადღება უნივერსიტეტის შერჩევისას

ფულბრაიტის აპლიკანტებს თავად შეუძლიათ სასურველ უნივერსიტეტებზე ინფორმაციის მოძიება და აპლიკაციაში იმის დასაბუთება, თუ რატომ სურთ იქ სწავლა, რასაც შეფასების დროს დიდი ყურადღება ექცევა. აპლიკანტებმა უნივერსიტეტები უნდა მოიძიონ იმ სფეროს მიხედვით, რომლის შესწავლაც სურთ, დააკვირდნენ, ამ მიმართულებით რომელი უნივერსიტეტია ძლიერი. ასევე, უნდა დაასაბუთონ, რატომ სურთ ამ კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლა და რა არის იქ ისეთი სპეციფიკური, რაც მათ სამომავლოდ გამოცდილების მიღებაში გამოადგებათ.

გამარჯვების შემთხვევაში, როცა აპლიკაცია წარმატებულ ეტაპზე გადადის, ფულბრაიტის პროგრამა თავად უკავშირდება უნივერსიტეტებს და ზრუნავს იმაზე, რომ სტუდენტები ამა თუ იმ უნივერსიტეტში მოხვდნენ. პირველ რიგში, ცდილობენ, რომ სტუდენტი აპლიკაციაში მითითებულ უნივერსიტეტში მოახვედრონ, თუ ეს შესაძლებელია, რაც ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის ტესტების ქულებზე, აპლიკაციაზე და ა.შ. ანუ შესაძლოა, სტუდენტები მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში მოხვდნენ, ან სხვა შემთხვევაში, პროგრამა თავად ურჩევს აპლიკანტს სხვა უნივერსიტეტს.
– პროგრამის კოორდინატორი

რა შეცდომებს უშვებენ აპლიკანტები ყველაზე ხშირად

ფულბრაიტის აპლიკაციის შევსებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები მართლწერასა და გრამატიკას უკავშირდება, ამიტომ აპლიკაციის გაგზავნამდე ყველაფერი ყურადღებით გადაიკითხე და დარწმუნდი, რომ არსად არ არის მცირე ხარვეზიც კი, რომლის გამოც შესაძლოა შენი აპლიკაცია დაიწუნონ.

რაც შეეხება სხვა შეცდომებს, პლაგიატიც აღსანიშნავია, როცა ინფორმაცია გადმოწერილი და საიდანღაც აღებულია, თუმცა წყარო არ არის მითითებული. ეს შეცდომა ძირითადად სამეცნიერო ნაშრომის ნაწილს ეხება. გარდა ამისა, გავრცელებული შეცდომაა დოკუმენტების გამოტოვებაც, მაგალითად, რეკომენდაციების ნაწილში თუ სამივე არ არის ატვირთული, აპლიკაცია ამის გამოც დაუწუნებიათ. რაც მთავარია, ყველაზე მეტი ყურადღება შინაარსს ეთმობა და პასუხებს იმის შესახებ, თუ რისი სწავლა სურს აპლიკანტს და რატომ.

რა ხდება აპლიკაციის ეტაპის გადალახვის შემდეგ

აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ სტუდენტებს გასაუბრება ექნებათ. გასაუბრების შემდეგ შერჩეულ აპლიკანტებს კი ოქტომბერში ტესტების ჩაბარება მოუწევთ. ფულბრაიტის პროგრამა 3 ტიპის ტესტს მოიცავს და ესენია TOEFL, GRE და GMAT.

TOEFL-ის ტესტს აბარებს ფინალურ ეტაპზე გადასული ყველა მონაწილე იმის მიუხედავად, აქამდე უსწავლიათ თუ არა ინგლისურენოვან ქვეყანაში. რაც შეეხება იმ აპლიკანტებს, რომლებიც სამართლის მიმართულებით აგრძელებენ სწავლას, მათ მხოლოდ TOEFL-ის ჩაბარება მოუწევთ. ვინც ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აგრძელებს სწავლას, ისინი TOEFL-თან ერთად GMAT-აც აბარებენ. ყველა დანარჩენი აპლიკანტი კი TOEFL-სა და GRE-ს აბარებს.

ფულბრაიტის პროგრამის კოორდინატორი გვირჩევს, რომ ამ ტესტებისთვის მომზადება აპლიკანტებმა მალე დაიწყონ. ტესტებში წინასწარ ვარჯიში საჭიროა, რათა გამოცდაზე მისულმა აპლიკანტმა უკვე იცოდეს, თუ რა დავალებების შესრულება მოეთხოვება, განსაკუთრებით კი მათემატიკურ ნაწილს უნდა მიაქციონ ყურადღება.

საქართველოს ბანკი აგრძელებს განათლების შესაძლებლობების შექმნას და 1 ივლისამდე ნებისმიერ მოტივირებულ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, გახდეს შემდეგი გამარჯვებული და ისწავლოს სრული დაფინანსებით აშშ-ს საუკეთესო უნივერსიტეტებში.

აღნიშნული პროექტი სიცოცხლის ხის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი მიმართულებებით მუშაობს, როგორებიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.

გააზიარე

შეიძლება დაგაინტერესოს