STEM სკოლა კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა – STEM განათლება აერთიანებს ცოდნას მეცნიერების (Science), ტექნოლოგიის (Technology), ინჟინერიის (Engineering) და მათემატიკის (Mathematics) შესახებ.
STEM სკოლა უკვე 2000-მდე მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 300-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.
ციფრულ ეპოქაში STEM მიმართულებით ცოდნა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება: ელექტრული ინჟინერი, პროგრამისტი, მონაცემთა მეცნიერი, ავტომატიზაციის ინჟინერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მომავლის პროფესიების, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ყოველთვის საჭირო იქნება.
STEM სკოლის მიზანია, ახალი თაობა გახდეს ტექნოლოგიების შემქმნელი და არა მხოლოდ მომხმარებელი, რისთვისაც სკოლა მოსწავლეებს აძლევს საბაზისო ცოდნას, მომავალში მათთვის საინტერესო პროფესიების დასაუფლებლად.
ვის შეუძლია STEM სკოლაში სწავლა?
STEM სკოლა განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების (კომაროვის გარდა) მე-7-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც კარგად ფლობენ ქართულ ენას.
როგორი ფორმატით ასწავლიან STEM სკოლაში?
STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. მოსწავლეები კვირაში ერთხელ ესწრებიან გაკვეთილებს, რომლებსაც კომაროვის სკოლის და მოწვეული პედაგოგები ატარებენ.
ონლაინ ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რადგან ის გეოგრაფიულ ბარიერს ფაქტობრივად ხსნის და მაღალი ხარისხის განათლებას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის.
მთლიანი კურსი 8-თვიანია, გაკვეთილები ტარდება კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას, 2 ცვლად.
STEM სკოლის სასწავლო პროგრამა
STEM სკოლის კურიკულუმი და სასწავლო პროგრამა უნიკალურია – იგი არ არის რომელიმე სასკოლო საგნის ანალოგი.
STEM გაკვეთილები სკოლის სტანდარტული პროგრამისგან იმით განსხვავდება, რომ არ არის ზედაპირული – ბევრ სიღრმისეულ და საინტერესო ამოცანებსა და პრობლემებს ვაწყდებით
– STEM სკოლის მოსწავლე, ელისაბედ გეგეშიძე
სასწავლო პროცესი ორ მოდულად იყოფა და ორ სემესტრზე ნაწილდება.
- პირველ მოდულში მოსწავლეები ეუფლებიან ელექტროინჟინერიის, მიკროკონტროლერებისა და მათი სენსორების მართვის საწყისებს. სწავლის პროცესში ისინი იყენებენ სპეციალურ ონლაინ პლატფორმას Tinkercad, სადაც ვირტუალურ გარემოში სწავლობენ Arduino მიკროკონტროლერის დაპროგრამებას (C++ ენის გამოყენებით) და სხვადასხვა ელექტრული წრედის აწყობას. ამ მოდულის ფარგლებში მოსწავლეები ასევე იღრმავებენ ცოდნას ფიზიკასა (ელექტრობა) და პროგრამირებაში.
- მეორე მოდულში მოსწავლეები გადადიან პრაქტიკულ სამუშაოზე და რეალური ელექტრონული კომპონენტების საშუალებით ასრულებენ პროექტებს. ამ ეტაპზე მათ საშუალება აქვთ, ონლაინ შექმნილი სქემები რეალურად ააგონ და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.
მოსწავლეებს სჭირდებათ გარემო, რომელშიც ექსპერიმენტების ჩატარებას შეძლებენ და ცოდნას პროფესიონალებისგან მიიღებენ ბარიერების გარეშე
– STEM სკოლის მასწავლებელი, მარეხი მაზანაშვილი
სწავლის პროცესში მოსწავლეები მუშაობენ ისეთ პრაქტიკულ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, შუქნიშნის მოდელის აწყობა, მოძრაობის სენსორის ამუშავება, ან სენსორების გამოყენებით ტენიანობის, წნევისა და ქარის სიჩქარის გაზომვა.
ეს პროცესი მათ არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს.
STEM სკოლაში შემოქმედებითად აზროვნებას ვეჩვევით, მასწავლებლების დახმარებით ვცდილობთ, რომ ყოველი ამოცანა სხვადასხვა გზით ამოვხსნათ
– STEM სკოლის მოსწავლე, ნიკოლოზ აპლაკოვი
მიღებულ ცოდნას მოსწავლეები რეალურ ცხოვრებაშიც იყენებენ, მაგალითად, ელისაბედ გეგეშიძემ STEM სკოლაში მიღებული ცოდნით შექმნა იდეა თევზის ფერმების ავტომატიზაციის შესახებ და სტარტაპ კონკურსის ნახევარფინალშიც გავიდა.
STEM სკოლაში სწავლის საფასური და დაფინანსება
სწავლის პროცესში ჩართულობისთვის, მოსწავლეს ესაჭიროება წვდომა ინტერნეტსა და პერსონალურ კომპიუტერზე ან ლეპტოპზე. სკოლა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ყველა საჭირო სახელმძღვანელოსა და საგანმანათლებლო რესურსს.
საქართველოს ბანკი, მისაღები ტესტირების შედეგების საფუძველზე, ყოველწლიურად ავლენს 90 საუკეთესო მოსწავლეს, რომლებსაც სწავლას უნაზღაურებს. კერძოდ, 60 სტიპენდიატი იღებს 100%-იან დაფინანსებას, ხოლო 30 – 50%-იანს.
რეგისტრაცია STEM სკოლაში
STEM სკოლაში გაზაფხულის სემესტრზე მიღება დაწყებულია და 2 მარტამდე გაგრძელდება.
რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრების დასაწყისში ცხადდება. STEM სკოლაში მოსახვედრად მოსწავლეებს უტარდებათ ონლაინ ტესტირება ჩართული ვიდეოკამერებით, რომელიც შეამოწმებს ლოგიკური აზროვნების უნარს, ალგორითმულ აზროვნებასა და მათემატიკის ცოდნას.
თუ ჯერ კიდევ არ ხარ დარწმუნებული, აქ ნახავ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა ისწავლო STEM სკოლაში.